თბილისის წიგნის XIV საერთაშორისო ფესტივალი
2012 წლის 24-27 მაისს გაიმართა თბილისის წიგნის XIV საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ მესამედ მიიღო მონაწილეობა და დამთვალიერებელს სხვადასხვა მიმართულების უახლესი სამეცნიერო და კვლევითი ლიტერატურა შესთავაზა. წარმოდგენილი იყო შემდეგი მიმართულებები: მედია-მეცნიერებები, ფილოსოფია და ფსიქოლოგია, რელიგია, სოციალური მეცნიერებები, ლინგვისტიკა, საბუნებისმეტყველო, მათემატიკა, გამოყენებითი მეცნიერებები, ხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა, გეოგრაფია და ისტორია.
გარდა ბეჭდური გამოცემებისა, საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით ბიბლიოთეკამ საზოგადოებას გააცნო საკუთარი ელექტრონული რესურსები. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, ადგილზე ენახა და პრაქტიკაში გამოეცადა ელექტრონული ბაზების, კატალოგებისა და ელექტრონული ბიბლიოთეკის მოხმარების ძირითადი ინსტრუმენტები, მოეძია მისთვის საინტერესო წიგნები და პერიოდული გამოცემები.