შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლები სტუმრად ილიაუნიში
2014 წლის 18 დეკემბერს ილიას უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრს ეწვივნენ შვეიცარიის ელჩის მოადგილე ბატ. ფლორიან გუბლერი და ატაშე ქალბ. ალექსანდრა ჰეფლიგერი. სტუმრებმა ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს ახალი წიგნები. შვეიცარიისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის შეთანხმების საფუძველზე ავსტრიულ ბიბლიოთეკაში ორი წელია ფუნქციონირებს შვეიცარული ლიტერატურის განყოფილება, რომელსაც წიგნებითა და სხვა საინფორმაციო მასალით უზრუნველყოფს შვეიცარიის კულტურის სახელმწიფო ფონდი Pro Helvetia.სტუმრები განსაკუთრებით დააინტერესა ცენტრის ინიციატივამ, რომელიც შვეიცარული ლიტერატურის განყოფილების ქართულენოვანი გამოცემებით შევსებას გულისხმობს. სტუმრებმა დაათვალიერეს შვეიცარელი ავტორების ქართული თარგმანების ფონდი და მადლიერება გამოხატეს ილიაუნის ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობის მიმართ, რომელმაც მხარი დაუჭირა ინიციატივას და უზრუნველყო ავსტრიული კულტურის ცენტრისათვის აღნიშნული წიგნების შეძენა. შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლებმა და ავსტრიული კულტურის ცენტრის დირექტორმა ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე და შეთანხმდნენ ორ პროექტზე, რომლებსაც ერთად განახორციელებენ 2015 წელს. საქმე ეხება ერთის მხრივ რაინერ მარია რილკეს დაბადებიდან 140-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას, რომელზეც იგეგმება შვეიცარიაში მოქმედი რილკეს საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთი ხელმძღვანელის მოწვევა. მეორე პროექტი ითვალისწინებს ილიას უნივერსიტეტში შვეიცარიის კონფედერაციის პოლიტიკურ- სამართლებრივი სისტემების შესახებ მოხსენებათა ციკლს, რომელსაც ქალბ. ალექსანდრა ჰეფლიგერი გაუძღვება. აქვე გამოითქვა მოსაზრება, ილიაუნის ევროპათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებისათვის შვეიცარიის შესახებ სასწავლო კურსის შეთავაზების თაობაზე, რომლის მომზადებასაც, სტუმრების თქმით, საელჩო სიამოვნებით დაუჭერდა მხარს.