გიგა ხოსიტაშვილი 2019 წლის Turnitin გლობალური ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე გიგა ხოსიტაშვილი გახდა ევროპის რეგიონში 2019 წლის Turnitin გლობალური ინოვაციების კონკურსის (Turnitin Global innovation Awards 2019) გამარჯვებული.
კონკურსი მიზნად ისახავს, გამოავლინოს მსოფლიოში განათლების სფეროში წარმატებული სწავლებისა და ადმინისტრირების პრაქტიკა, რომელიც აკადემიური კეთილსინდისიერების უზრუნველყოფისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების პრინციპებს ემყარება. ამასთან კონკურსი ავლენს საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურ და ინოვაციურ მხარდაჭერას პროგრამის Turnitin საშუალებით.
პროგრამის გამოყენება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2015 წლის გაზაფხულის სემესტრიდან დაიწყო. 2017 წელს ილიაუნის კოორდინირებით დაფინანსდა პროექტი (Academic Integrity for Quality Teaching and Learning in Higher Educational Instituions In Georgia INTEGRITY) ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების საგრანტო კონკურსში. პროექტის მთავარი მიზანი იყო საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავდა ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობდა პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში პროგრამის Turnitin გამოყენების გამოცდილება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაუზიარა საქართველოში მოქმედ თორმეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
Turnitin ლიდერია პლაგიატის გამოვლენასა და სტუდენტების შეფასებისას უკუკავშირის უზრუნველყოფაში. ის გამოიყენება მსოფლიოს 140 ქვეყნის 15 000-ზე მეტ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ემსახურება 33 მილიონ სტუდენტს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.