დამატებითი ინფორმაცია:
ტომი I: ბაგრატ V-ისა და გიორგი VII-ის პოლიტიკა იყო თუ არა შესაბამისობაში ეროვნულ ინტერესებთან (საქმე #01ქ/001)
მსოფლიოში პირველად იმიტირებული სასამართლო პროცესი გამოყენებულია არა
სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმეების განსახილველად, არამედ პოლიტიკისათვის
განაჩენის გამოსატანად და, ამავე დროს, ამაში სტუდენტების (უფროსკლასელების)
ჩადებული შრომის ხარისხის შესაფასებლად. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე (დეკანი, პროფ. ირაკლი
გაბისონია) მოიძებნა და დაინერგა სტუდენტების სასწავლო-სამეცნიერო პროცესში ინტერესითა
და ხალისით ჩაბმის, მათი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გადმოცემისა და შეფასების
საინტერესო, თვალსაჩინო და ეფექტური საშუალება. ეს გამოიხატა სასწავლოსამეცნიერო
პროექტის „პოლიტიკა სამსჯავროზე” (ავტორი პროფ. ჰენრი კუპრაშვილი)
განხორციელებით სხვადასხვა, საფაკულტეტო, უნივერსიტეტშორისი, უცხოენოვან და
სასკოლო ფორმატში. სტუდენტები (უფროსკლასელები) სწავლობენ და იკვლევენ ცნობილი
პოლიტიკური პირების (პოლიტიკური პარტიების) მიერ გატარებული პოლიტიკის
შესაბამისობას ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან და შედეგები სამსჯავროზე განსასჯელად
გამოაქვთ ბრალდებისა და დაცვის გუნდებს. მათ უყალიბდებათ პოლიტიკის პრობლემების
მეცნიერული შესწავლის, კვლევისა და ანალიზის, წყაროების მოძიების, კრიტიკული
აზროვნების, ქცევისა და ურთიერთობის ეთიკის, გუნდური მუშაობის, საჯარო
გამოსვლისა და დებატებში მონაწილეობის უნარ-ჩვევები. ამასთან, სხვადასხვა სპეციალობების
ჰარმონიული ურთიერთკვეთის, თეორიულ-პრაქტიკული სინთეზისა და უნივერსალიზაციის
შედეგები ხელს უწყობს მრავალმხრივად განვითარებული, მაღალი დონის
სპეციალისტის მომზადებას. პროექტი, მისი მიზნები და ამოცანები სრულიად აპოლიტიკურია
და გამორიცხავს მიმდინარე პოლიტიკურ-პარტიულ პროცესებთან პიროვნული თუ
ორგანიზაციული სახით რაიმე შეხებას. სტუდენტებმა (უფროსკლასელებმა) მოიძიეს მრავალი
საინტერესო მასალა, რის საფუძველზეც, ხშირ შემთხვევაში, მოხდა საქართველოს
პოლიტიკის ისტორიიდან მნიშვნელოვანი პერიოდების ახლებური პოლიტიკური გააზრება
და დამკვიდრებული ძველი სტერეოტიპების მსხვრევა, ეროვნული ინტერესების, სტრატეგიის,
სისტემური მართვის, პოლიტიკის სტრუქტურულ-ფუნქციური კანონზომიერებების
ურთიერთკავშირის სიღრმისეული გაცნობიერება. ამ ეტაპზე, უკვე დაგროვდა განვლილი
2 სეზონის 21 ტომის მასალა და იწყება მათი გამოცემა, რომელთაც ეტაპობრივად დაემატება
შემდგომ სეზონებში ჩატარებული სამსჯავროების მასალები.

















