ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი TURNITIN გლობალური ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულია ევროპის რეგიონში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017 წლის Turnitin გლობალური ინოვაციის კონკურსის (Turnitin Global Innovation Awards 2017) გამარჯვებული გახდა ევროპის რეგიონში ნომინაციაში – „განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებით – Moving Forward with Academic Integrity“.
კონკურსი მიზნად ისახავდა მსოფლიოში განათლების სფეროში წარმატებული დაწესებულების გამოვლენას, რომელიც აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების გამოყენებით ხელს შეუწყობდა საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესებას.
Turnitin არის მსოფლიო ლიდერი პლაგიატის გამოვლენაში, სტუდენტების შეფასებისა და უკუკავშირის უზრუნველყოფაში. ის გამოიყენება მსოფლიოს 140 ქვეყნის 15 000-ზე მეტ საგანამანათლებლო დაწესებულებაში და მთლიანობაში ემსახურება 32 მილიონ სტუდენტს.
Turnitin პროგრამის გამოყენება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2015 წლის გაზაფხულის სემესტრიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო ერთადერთი ქართული უნივერსიტეტი, რომელმაც აღნიშნული სერვისი დანერგა სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით. პირველ ეტაპზე პროგრამის მეშვეობით უზრუნველყოფილ იქნა უკუკავშირის მიწოდება საბაკალავრო საფეხურის ზოგადი მოდულის სტუდენტებისთვის. შემდგომ ეტაპებზე მოხდა მისი ინტეგრირება სხვადასხვა საფეხურის პროგრამების კომპონენტებში; დანერგვის პროცესი ეტაპობრივია და სასწავლო პროცესის პარალელურად მიმდინარეობს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დიდ მადლობას უხდის ყველა პროფესორს/მასწავლებელს, ვინც სასწავლო პროცესში იყენებს პროგრამა Turnitin-ს და ამით მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვასა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.
დეტალურად იხილეთ ბმულზე