დამატებითი ინფორმაცია:
ზიგმუნდ ფროიდი. ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოლოგიის შესახებ. ავსტრიელი ფსიქოლოგის, ფსიქიატრისა და ნევროლოგის, ფსიქოანალიზის დამფუძნებლის, ზიგმუნდ ფროიდის (1856-1939 წწ.) განსახილველი ნაშრომი დაიწერა 1901, ხოლო გამოქვეყნდა 1904 წელს. გამოცემამ დიდი რეზონანსი გამოიწვია და იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნად იქცა. ნაშრომი კომპილაციური ხასიათისაა და ქვეცნობიერის გამოვლენის მაგალითებზე განიხილავს და ადასტურებს ფსიქიკური აპარატის ტოპიკურ მოდელს ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ავტორი ქმნის ადამიანის სულიერი ცხოვრების ანალიზის ორიგინალურ სისტემას და ასაბუთებს, რომ ცნობიერება განუყოფელია ფსიქიკური აქტივობის სიღრმისეული დონეებისაგან, რომ ე.წ. პარაპრაქსისი, ანუ სხვადასხვა ხასიათის უნებლიე წარმოცდენები, ერთი სიტყვის მეორით ჩანაცვლება, საკუთარ სახელთა, სიტყვათა, შთაბეჭდილებათა დავიწყება, სიმპტომატური და შემთხვევითი მოქმედებები არ წარმოადგენენ შემთხვევითობას, არამედ იმ აზრების დათრგუნვის შედეგს, რომლის დამალვაც სურთ ქვეცნობიერში. კვლევისას მაგალითებისათვის ავტორი მიმართავს საკუთარ მოგონებებს და მეგობრების ცხოვრებას. განსაკუთრებით საინტერესოა ბავშვთა ნევროზების ანალიზი, ფსიქიკური ცხოვრების რეგულაციის პრინციპების მოძღვრება და მოძღვრება გატაცებათა შესახებ. |
ანოტაცია 2
ზიგმუნდ ფროიდი. ფსიქოანალიზის სიძნელე. ავსტრიელი ფსიქოლოგის, ფსიქიატრისა და ნევროლოგის, ფსიქოანალიზის დამფუძნებლის, ზიგმუნდ ფროიდის (1856-1939 წწ.) განსახილველი ნაშრომი დაიწერა 1921 წელს. მასში ავტორი საუბრობს ცნობიერისა და არაცნობიერის, მასთან ერთად კი იმ სამი რევოლუციის შესახებ, რომელთაც დარტყმა მიაყენეს ადამიანის, კოლექტიური „მე“-ს ნარცისულ წარმოდგენებს საკუთარ თავზე, კერძოდ, კოპერნიკის მიერ მზის სისტემის, ხოლო ჩარლზ დარვინის მიერ ევოლუციის თეორიისა და ცხოველთა სამყაროსთან ადამიანის კავშირის დასაბუთებას, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა კაცობრიობის წარმოშობის უნიკალურობა და განსაკუთრებულობა. განსახილველი ნაშრომი კი ასაბუთებს, რომ ადამიანს არ შეუძლია, საკუთარი ცხოვრება განაგოს გონების მეშვეობით, ვინაიდან მისი სული განიცდის გაუცნობიერებელი ფსიქიკური ძალების ზემოქმედებას და ცნობიერი კონტროლის შეზღუდულობის გამო ადამიანი წარმოადგენს არა შემოქმედს, არამედ მსხვერპლს საკუთარი ბედისა. ავტორის ეს მოძღვრება შემდგომში განავითარეს მისმა მიმდევრებმა, კ. იუნგმა, ა. ადლერმა, კ. აბრაჰამმა და სხვებმა, რომელთაც უზარმაზარი გავლენა მოახდინეს კაცობრიობის კულტურაზე. |
ანოტაცია 3
ზიგმუნდ ფროიდი. კულტურით უკმაყოფილება.
ავსტრიელი ფსიქოლოგის, ფსიქიატრისა და ნევროლოგის, ფსიქოანალიზის დამფუძნებლის, ზიგმუნდ ფროიდის (1856-1939 წწ.) განსახილველი ნაშრომი, რომელიც მისი კულტურული პესიმიზმის, ანტიმოდერნისტულ შეხედულებებს შეიცავს, დაიწერა 1929 და გამოიცა მომდევნო წელს. ტრაქტატში ავტორი ხატავს სუსტი „მე“-ს (ლათ. „ego“) სურათს, რომლისგანაც ყოველი მხრიდან მოითხოვენ შეუძლებელს „იგი“ (ლათ. „id“) და „ზე-მე“ (ლათ. „super-ego”), და შინაგანი ფსიქიკური კონფლიქტები (სიამოვნებისა და სინამდვილის პრინციპებს, ცნობიერისა და გაუცნობიერებელის პრინციპებს შორის) ადამიანთა ცივილიზაციაზე გადააქვს. ავტორი თვლის, რომ ცივილიზაცია განისაზღვრება ისეთივე კონფლიქტის სივრცედ, როგორიც წარმოიქმნება ერთი რომელიმე ინდივიდის ფსიქიკაში, ხოლო ვინაიდან ადამიანის ბუნებაში არსებობს სწრაფვა თვითგანადგურებისაკენ, ამ ძალის მიერ წარმოშობილი აგრესიული იმპულსები მუდამ ეძებენ გამოსავალს და შედიან დაუსრულებელ წინააღმდეგობაში ლიბიდოსთან და ცივილიზაციასთან. საბოლოო შერიგება ბუნებასა და კულტურას შორის წარმოუდგენელია, რის გამოც ცივილიზაციით უკმაყოფილების გადაწყვეტა არის შეუძლებელი. საფასური ცივილიზაციისათვის არის დანაშაულის გრძნობა და უკმაყოფილება, რომლებიც აქვთ ადამიანებს თავისი პირველყოფილი ინსტინქტების დათრგუნვისა და მათი გაკონტროლების უუნარობის გამო.