დამატებითი ინფორმაცია:
ქეით ლ. თურაბიანი. სახელმძღვანელო რეფერატების, თეზისების და დისერტაციების ავტორებისათვის: „ჩიკაგოს სტილი“ სტუდენტებისა და მკვლევრებისათვის. ჩიკაგო, ლონდონი: ჩიკაგოს უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2007, 618 გვ.
ქეით ლ. თურაბიანი (1893-1987) წლების განმავლობაში მუშაობდა ჩიკაგოს სადისერტაციო სამდივნოში, რის შემდეგაც შეადგინა სახელმძღვანელო დისერტაციების წერასა და მათ ტექნიკურ გაფორმებაში სტუდენტთა დასახმარებლად, იმ მოსაზრებით, რომ სტილისტურად სწორად გაფორმებული ტექსტები მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან სტილისტური შეცდომები მკითხველზე არაპროფესიონალიზმის შთაბეჭდილებას ტოვებენ. წიგნი თავდაპირველად გამოქვეყნდა 1937 წელს და მას შემდეგ მისი რვა შესწორებული რედაქცია გამოიცა 8 მლნ-ზე მეტი საერთო ტირაჟით. განსახილველი წიგნი მისი მეშვიდე გამოცემიდან ითარგმნა. მასში მკითხველს რჩევები ეძლევა წერის პროცესის ყველა ეტაპთან მიმართებაში. აქ დაწვრილებით არის განხილული და სრულიად ნათლად არის განმარტებული სამეცნიერო ნაშრომთა ტექნიკური მომზადება და სტილისტური გაფორმება, ნაშრომის სტრუქტურის, შემოკლებების, შენიშვნების, ლიტერატურის მითითებისა და ზოგადად ბიბლიოგრაფიის სწორი ჩაწერა და პუნქტუაციის სწორი გამოყენება. გამოცემაში განხილულ თემებს შორისაა წყაროების მოძიება და მათზე მუშაობა, ჩანაწერების გაკეთება, არგუმენტების ჩამოყალიბება, ტექსტის სამუშაო ვარიანტის მომზადება-რედაქტირება, დანართისა და ბიბლიოგრაფიის მომზადება და დართვა, სათაურის სწორი ჩაწერა, ციტირებებისა და გრაფიკული გამოსახულებების ანუ ცხრილებისა და დიაგრამების გამოყენებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები თუ მთლიანად წიგნის სწორი ტექნიკური გაფორმება. თურაბიანის სახელმძღვანელო მეშვიდე გამოცემისათვის გადამუშავებულია უეინ ს. ბუთის, გრეგორი ჯ. კოლომისა და ჯოზეფ მ. უილიამსის მიერ, რომლებმაც ძველი გამოცემა თანამედროვე მოთხოვნებს დაუახლოვეს და, სხვა დამატებით საკითხებთან ერთად, მკითხველს ელექტრონული წყაროების დამოწმების გაფორმებაც განუმარტეს.
გამოცემა წარმოადგენს აუცილებელ სახელმძღვანელოს ყველა დონისა და ასაკის მეცნიერისათვის.