დამატებითი ინფორმაცია:
წიგნის ავტორი, ქეთო დავითაია, ნაშრომში განიხილავს რქოვანას სტრომის აღდგენაში მონაწილე უჯრედების წყაროს. ვინაიდან რქოვანას დაავადებათაგან ზოგი სიმსივნურია, ზოგიც მხედველობის შესუსტებას ან სრულ დაკარგვას იწვევს და, რქოვანას მდებარეობიდან გამომდინარე, ხშირია ტრავმებით გამოწვეული სხვადასხვა დაზიანებაც, ავტორი ყურადღებას უთმობს რქოვანას რეგენერაციის წყაროს, რეგენერაციის გვერდით მოვლენებს, მის ხანგრძლივობას და წარმოქმნილი ნაწიბურის გამჭვირვალობის საკითხს. ნაშრომში აღნიშნულია რქოვანას რეგენერაციის წყაროს ძვლისტვინოვანი ბუნება, ანუ ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების მონაწილეობა პერფორირებული რქოვანას აღდგენაში, მოცემულია პერფორირებული რქოვანას სტრომის მორფოლოგიური და რეგენერაციის ავტორადიოგრაფიული კვლევები, და დასახულია რეგენერაცის მომავალი პერსპექტივებიც: ე.წ. „უჯრედული თერაპია“ ანუ ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის მეშვეობით დაზიანებული რქოვანას დაჩქარებული რეგენერაცია. გამოცემაში უხვად არის წარმოდგენილი ცხრილები, დიაგრამები და საილუსტრაციო მასალა. მოცემულია ვრცელი ინგლისური რეზიუმეც.