დამატებითი ინფორმაცია:
მედია ეთიკა და პროფესიული სტანდარტები: 10 საქმე 2013 წლის პრაქტიკიდან. რედ. თამარ კინწურაშვილი. 138 გვ. გამოცემა წარმოადგენს სტატიების კრებულს. მასში ავტორები განიხილავენ 10 გახმაურებულ საქმეს 2013 წლის მედია პრაქტიკიდან, როგორიცაა მარიამ კოჩალაძის საქმე, სოფ. ჭელას მინარეთის დემონტაჟის საქმე, 17 მაისის საქმე და ა.შ. ყველა ეს საქმე სხვადასხვა ასპექტით დისკრიმინაციული ხასიათისაა რელიგიის, ქსენოფობიის, ჰომოფობიისა თუ სხვა დარღვევათა თვალსაზრისით. ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, მასალის რეიტინგის მოსაპოვებლად როგორ არის უგულებელყოფილი პირის კონსტიტუციით დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, რომლის დაცვის ვალდებულებაც ასახულია ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპში. საქმეთა განხილვას წინ უძღვის მაუწყებლის და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თვითრეგულირების გზამკვლევი. გამოცემა ცდილობს საზოგადოების ინფორმირებას საქართველოში არსებული თვითრეგულირების ინსტიტუციონალური მექანიზმების შესახებ და 2013 წლის მედია-პრაქტიკის მიმოხილვის საფუძველზე იმ პრობლემური ტენდენციების ჩვენებას, რომლებიც პროფესიული სტანდარტების დარღვევის თვალსაზრისით იჩენდა თავს. იგი განუმარტავს საზოგადოებას, როგორ უნდა გამოიყენოს არსებული თვითრეგულირების მექანიზმები საკუთარი უფლებების დასაცავად და ამ გზით მედიის ხარისხის გასაუმჯობესებლად, და ეხმარება მას, იცოდეს, რას უნდა მოელოდეს მაღალპროფესიული მედია საშუალებებისაგან. ამ პრაქტიკული მაგალითების ჩვენებით, ავტორები ცდილობენ, ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დახვეწისაკენ მიმართონ ჟურნალისტები და საზოგადოება, რაც საბოლოო ჯამში, კვალიფიციური და ანგარიშვალდებული მედიის ჩამოყალიბებას, მასთან ერთად კი დემოკრატიულ პროცესებს შეუწყობს ხელს. კრებულს ერთვის მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოში გასაჩივრების ელექტრონული აპლიკაცია. |