დამატებითი ინფორმაცია:
კარლოს ალბერტო ტორესი. დემოკრატია, განათლება და მულტიკულტურალიზმი: მოქალაქეობასთან დაკავშირებული დილემები გლობალურ სამყაროში. 1998, 366 გვ.
განათლების პოლიტიკის სოციოლოგის, განათლებისა და ინფორმაციის კვლევების ფაკულტეტის პროფესორისა და კალიფორნიის ლოს-ანჟელესის უნივერსიტეტის ლათინოამერიკული ცენტრის დირექტორის, კარლოს ალბერტო ტორესის (დაბ. 1950 წ.) განსახილველი გამოცემა ეხება საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელობას სწრაფად ცვალებად მსოფლიოში. მასში მოცემულია უზარმაზარი რაოდენობის თეორიული და ემპირიული მასალის სინთეზი. გამოცემაში საუბარია განვითარების შესახებ, რომელიც ცვლის თანამედროვე ადამიანის წარმოდგენებს მოქალაქეობაში განათლების როლის მიმართ და ყურადღებას ამახვილებს მასში დემოკრატიული ჩართულობის შესაძლებლობებზე. გამოცემაში განხილულია მოქალაქეობრიობის, დემოკრატიისა და მულტიკულტურალიზმის თეორიული პრობლემები, მოცემული და დახასიათებულია თანამედროვე საგანმანათლებლო თეორიები სახელმწიფოსა და განათლების შესახებ ლიბერალიზმიდან მარქსიზმამდე, განხილულია როლი, რომელსაც განათლება თამაშობს პატრიარქალურ სახელმწიფოში, ასევე, განათლება ლიბერალური, ნეოკონსერვატიული და ნეოლიბერალური სახელმწიფოს, გლობალიზაციის, კოსმოპოლიტური დემოკრატიების თვალსაწიერიდან. ავტორი ყურადღებას უთმობს პარალელისტურ თეორიებსა და ნეოკონსერვატიზმისა და ნეოლიბერალიზმის კრიტიკას და პოსტმოდერნისტულ თვალსაზრისს სახელმწიფოსა და განათლების შესახებ. მოქალაქეობასთან დაკავშირებით ეხება, ასევე, არჩევანსა და კულტურულ პლურალიზმს, ფემინიზმს და ადამიანთა უნივერსალურ უფლებებს, პოსტკოლონიალიზმის, რასის კრიტიკულ თეორიასა და სოციალური მოძრაობების გამოწვევებს, ორმაგი მოქალაქეობისა და სიღარიბის ურთიერთკავშირსა და განსხვავებას, იდენტობისა და მულტიკულტურალიზმის სადავო საკითხებს, საგანმანათლებლო უტოპიასა და დემოკრატიულ პოლიტიკას, სამოქალაქო ღირებულებებსა და მულტიკულტურული დემოკრატიული მოქალაქეობის საკითხებს, კანონსა და კულტურას. ავტორი მიუთითებს საერთაშორისო ორგანიზაციათა როლის შესახებ საგანმანათლებლო რეფორმის გავრცელება-დაჩქარების საქმეში. იგი მოიხმობს ჰობსის, ლოკის, ჯეფერსონის, კანტის, ჰეგელის, მარქსისა და სხვა მოაზროვნეთა თეორიებს, რათა უკეთ წარმოაჩინოს თანამედროვე მიდგომები მულტიკულტურიზმის მიმართ განათლებასა და მოქალაქეობაში. ეს გამოცემა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე კარგად დაწერილ და კარგად არგუმენტირებულ წიგნად ამ სფეროში.