დამატებითი ინფორმაცია:
კარლ გუსტავ იუნგი. ალქიმიის ფსიქიკური ბუნება.
ცნობილი შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, კარლ გუსტავ იუნგი (1875-1961 წწ.), იყო სიღრმისეული ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულების, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი, რომელმაც ფსიქოანალიტიკაში შემოიტანა და განავითარა ექსტრავერტისა და ინტროვერტის, არქეტიპებისა და კოლექტიური არაცნობიერის ცნებები. მისმა ნაშრომებმა გავლენა მოახდინა ფსიქიატრიასა და ფილოსოფიაზე, ანთროპოლოგიაზე, ლიტერატურაზე და მრავალ სხვა დარგზე.
განსახილველი ნაშრომი წარმოადგენს იუნგის კაპიტალურ ნაშრომს, რომლის შექმნასაც მან სიცოცხლის 40 წელზე მეტი შეალია. ეს არის ღრმად ფსიქოლოგიური ნაწარმოები და, ამასთანავე, ფილოსოფიური გამოკვლევა. მასში ავტორი ემყარება როგორც აღმოსავლურ ფილოსოფიას, ისე დასავლური ჰერმეტიზმის ტრადიციას, და ალქიმიის სიმბოლიზმის მეშვეობით აკავშირებს გნოსტიციზმს ფილოსოფიურ ფსიქოლოგიასთან. ავტორი წიგნში აღწერს მრავალ მაგალითს თავისი ფსიქოანალიტიკური პრაქტიკიდან. იგი საილუსტრაციოდ იძლევა ნახატებს ალქიმიიდან, რომელთა მეშვეობითაც მკითხველს განუმარტავს თერაპევტულ პროცესს: მის დასაწყისს, მიმდინარეობასა და დასასრულს, აჩვენებს, როგორ იცვლება კლიენტის პიროვნება თერაპევტული მუშაობის პროცესში და აღწერს თერაპევტის როლს ამ პროცესში. თხრობისას ავტორი ეხება ცხოვრებისეულ საკითხებს, რომლებიც უკავშირდებიან ადამიანის ფსიქოანალიტიკურ პრობლემებს, მათ შორის სიზმრებსა და მათ გავლენას ფსიქოლოგიაზე. ამასთან ერთად, წიგნში მოცემულია საინტერესო ისტორიული ცნობები ალქიმიისა და რელიგიასთან მისი მიმართების შესახებ.
გამოცემა განკუთვნილია ფსიქოლოგებისა და ფსიქოთერაპევტებისათვის, ასევე, ფსიქოანალიზით დაინტერესებული მკითხველისათვის.
ანოტაცია 2
კარლ გუსტავ იუნგი. ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები.
ცნობილი შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, კარლ გუსტავ იუნგი (1875-1961 წწ.), იყო სიღრმისეული ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულების, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი, რომელმაც ფსიქოანალიტიკაში შემოიტანა და განავითარა ექსტრავერტისა და ინტროვერტის, არქეტიპებისა და კოლექტიური არაცნობიერის ცნებები. მისმა ნაშრომებმა უზარმაზარი გავლენა მოახდინა ფსიქიატრიასა და ფილოსოფიაზე, ასევე, ანთროპოლოგიაზე, ლიტერატურაზე და მრავალ სხვა დარგზე.
წიგნი აცნობს მკითხველს ავტორის თეორიას ადამიანთა ფსიქოლოგიური ტიპების, კოლექტიური არაცნობიერისა და არქეტიპების, ინდივიდუალიზაციასა და პიროვნულობის შესახებ, განიხილავს სიზმრების თეორიას და მათი კონსტრუქციული განმარტების მეთოდს, დასავლური და აღმოსავლური მსოფლაღქმის ფსიქოლოგიას, ანალიტიკური ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის საფუძვლებს.
გამოცემა განკუთვნილია ჰუმანიტარული მიმართულების სტუდენტებისა და ლექტორებისათვის, ასევე, ადამიანის აზროვნებისა და საქციელის განმსაზღვრელი არაცნობიერი ქმედებებით დაინტერესებული მკითხველისათვის.
ვიდეო მასალა: რევაზ კორინთელი – კარლ გუსტავ იუნგი
https://www.youtube.com/watch?list=PLE2C74D21650884F5&v=ZoNkWUExzM8