დამატებითი ინფორმაცია:
ჯონ დიუის (John Dewey, 1859-1952), ამერიკელი ფილოსოფოსისა და განათლების ფილოსოფიის უდიდესი ავტორიტეტის, წიგნი „დემოკრატია და განათლება“ წარმოადგენს განათლების ფილოსოფიის დისციპლინაში დაწერილ პირველ ფუნდამენტურ ნაშრომს. მიუხედავად იმისა, რომ მისი პირველი გამოცემა 1916 წელს გამოქვეყნდა, ეს წიგნი XXI საუკუნეშიც მკითხველის განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობს. მასში პირველად იქნა თავმოყრილი დიუის მიერ ადრე განხილული აღზრდის თეორიული და პრაქტიკული პრობლემები. ნაშრომში დიუიმ შეძლებისდაგვარად სრულად დაასაბუთა კონცეფცია აღზრდის, როგორც დემოკრატიის მიღწევისა და იდეალური დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების საშუალების შესახებ. ავტორი განიხილავს განათლებას, როგორც „ემპირიულ განათლებას“, როგორც ცხოვრებისეულ აუცილებლობას და ინდივიდის სოციალურ ფუნქციას, და წარმოაჩენს პროგრესული და კონსერვატული განათლების პრინციპულ განსხვავებებს. ნაშრომში ფორმულირებულია განათლების ძირითადი მიზნები და დასახულია მათი მიღწევის ყველაზე ეფექტური ხერხები. წიგნი ეხება ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა აღზრდის სფეროში მორალისა და ცოდნის თეორიები და მათი როლი, განათლების როლი ადამიანის ზრდა-განვითარებაში, მეცნიერება სწავლებაში, საგანმანათლებლო ფასეულობები, ინტელექტუალური და პრაქტიკული სწავლება, ინდივიდი და სამყარო და ა.შ. |