დამატებითი ინფორმაცია:
ილია ჭავჭავაძე. რჩეული წერილები. ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პოეტი და პუბლიცისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, ილია ჭავჭავაძე (1837-1907 წწ.), ქართველი ახალგაზრდობის განათლებას უმნიშვნელოვანეს საქმედ მიიჩნევდა. ამ საკითხს მან რამდენიმე წერილი მიუძღვნა, რომლებიც გაერთიანებულია მის „რჩეულ წერილებში“. ეს სტატიებია: „შინაური მიმოხილვა“, „ქართველი სტუდენტობა რუსეთში“, „ჩვენი ხალხი და განათლება“, „პედაგოგიის საფუძვლები“, „აი ისტორია“, „მეცხრამეტე საუკუნე“ და „ოსმალოს საქართველო“. ამ წერილებში ავტორი განიხილავს უმეცრებას, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სატკივარს. იგი მიუთითებს მიწათმოქმედთა არცოდნას, ეფექტურად წარმართონ საკუთარი საქმე, ცრუმორწმუნეობას და სამკურნალო ხელოვნების მცოდნეთა ნაკლებობას, რის გამოც დაავადებათა და სნეულებათა დროს ადამიანები იძულებულნი არიან, მიმართონ შემლოცველებს და მკითხავებს, და ა.შ., რის შედეგსაც, ავტორის შეხედულებით, წარმოადგენს დაუნდობლობა ერთმანეთის მიმართ, შური, მტრობა, უსამართლობა, გაუტანლობა, ძარცვა-გლეჯა. ავტორი თვლის, რომ უმეცრებასთან ბრძოლა მხოლოდ განათლებას შეუძლია, რომელიც მისცემს ადამიანს ძალას ცხოვრებაში საბრძოლველად, ამასთანავე კი ცოდნით შეიარაღებულ ადამიანებს ხელეწიფებათ განათლებულ და ჯანსაღ საზოგადოებად ჩამოყალიბება, რაც ქვეყნის სიძლიერის საწინდარიცაა. წერილებში ავტორი მიუთითებს გზას, როგორ შეიძლება ადამიანში ადრეული ასაკიდანვე ჩამოყალიბდეს ზნე-ჩვეულებები და ცოდნა, რომელიც განაპირობებს განათლებას და შესაბამისად ერუდირებულ საზოგადოებას. იგი ეხება სკოლის მნიშვნელობას ბავშვის განვითარებისათვის და თვლის, რომ მას ბავშვის სრულყოფილი განვითარებისა და განათლებისათვის უნდა მოეთხოვებოდეს როგორც სწავლება, ისე წვრთნაც, რადგან სწავლა ეს არის გონების განვითარება, წვრთნა კი ზნე-ხასიათის ჩამოყალიბება. რადგან “ავი კაცი” რამდენადაც სწავლულია, იმდენად საშიში და მავნებელია. ადამიანის ,,სავსება’’, ერთობა კი მაშინ მიიღწევა, როდესაც განათლება და ზნეობრივი განვითარება ერთმანეთთან არის შერწყმული. |
ანოტაცია 2:
ილია ჭავჭავაძე. ოსმალოს საქართველო.
ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, მწერლის, პოეტისა და პუბლიცისტის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, ილია ჭავჭავაძის (1837-1907 წწ.), განსახილველი წერილი ითვლება ერთ-ერთ ფუნდამენტურ ტექსტად, რომელშიც ავტორი მკაფიოდ აყალიბებს კონცეფციას ეროვნული ერთიანობის შესახებ. წერილის ტექსტი გამოქვეყნდა ანონიმურად „ივერიის“ 1877 წლის IX ნომერში. მისი დაწერა უკავშირდება რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომს და ოსმალეთის შემადგენლობაში დარჩენილი ქართული ტერიტორიების დაბრუნების იმედს, რომელიც ამ ომმა ქართველთა შორის წარმოშვა. ნაშრომში პირველად არის აღნიშნული ერთი ერის ორად გახლეჩილი ნაწილის სისხლისა და ენის ერთობის შესახებ, ერთობისა, რომელიც არ განისაზღვრება ტომობრივობით, სარწმუნოებით ან ენით, არამედ ისტორიის ერთობით. ავტორი მიუთითებს სამცხისა და ტაო-კლარჯეთის მკვიდრი ქართველების მონაწილეობის შესახებ საქართველოს ისტორიულ, სახელმწიფოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში და წერს, რომ ოდესღაც ისინი „პირველობდნენ კიდეც კულტურის აღორძინებაში“. ტექსტში ყურადღება ეთმობა ისტორიულ ხსოვნას, როგორც ეროვნული ერთიანობის საყრდენსა და მომავალი მთლიანობის შესაძლო საძირკველს. ავტორი ეხება სარწმუნოებასაც, ქრისტიანულ რწმენას, როგორც ქვეყნის საერთო ისტორიაში სამხრეთ საქართველოს პირველობისა და მეწინავეობის ნიშანს. ამასთან, იგი მიუთითებს, რომ საქართველოს ამ ორ ნაწილს შორის არსებული სარწმუნოებრივი განსხვავება საფრთხეს არ უქმნის ეროვნულ ერთიანობას. ავტორის ეს სტატია სრულად ეხმიანება მის მიერვე უფრო ადრე ჩამოყალიბებულ „სამ ღვთაებრივ საუნჯეს“: მამული, ენა და სარწმუნოება, სადაც მამული ასევე პირველ ადგილას არის აღნიშნული, სარწმუნოება კი ბოლოზე.
ვიდეო მასალა: ლევან გიგინეიშვილი – ილია ჭავჭავაძე
https://www.youtube.com/watch?list=PL08AF3670A8FB0B07&v=XJDFegRuNLA