დამატებითი ინფორმაცია:
განსახილველი სამეცნიერო-საცნობარო ლექსიკონი შეიცავს ენციკლოპედიური, არქეოლოგიური, ისტორიულ-გეოგრაფიული და წყაროთმცოდნეობითი ხასიათის ცნობებს საქართველოში არსებული იმ არქეოლოგიური ძეგლების შესახებ, რომლებიც ნახსენებია „ქართლის ცხოვრებაში“. ლექსიკონი შედგება წინასიტყვაობის, საძიებლის, ანბანზე დალაგებული სტატიებისა და ბიბლიოგრაფიისაგან. იგი უფრო თვალნათელს ხდის „ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული გეოგრაფიული პუნქტების რეალურ სახეს და განსაზღვრავს მათ მნიშვნელობას და ადგილს საქართველოს ისტორიასა და კულტურაში. ტოპოარქეოლოგიურ ლექსიკონში მოძიებულია ,,ქართლის ცხოვრებაში" მოხსენიებული თითოეული ადგილ-პუნქტის შესახებ უკვე ცნობილი და ახალი არქეოლოგიური, ისტორიული, ისტორიულ-გეოგრაფიული, წყაროთმცოდნეობითი და სხვა ხასიათის მასალები, რომელთა კომპლექსური კვლევა-ძიების შედეგად თითოეულ ქალაქზე, სოფელზე, დაბასა თუ ციხესიმაგრეზე უნიფიცირებული ნიმუშის მიხედვით შეიქმნა სამეცნიერო საცნობარო სტატია. ლექსიკონზე მუშაობისას გამოყენებული იქნა თანამედროვე მეთოდოლოგია: ისტორიულ-შედარებითი და არქეოლოგიური არტეფაქტების სტატისტიკურ-ტიპოლოგიური კვლევა. ტოპოარქეოლოგიური კვლევის შედეგად შეიქმნა ენციკლოპედიური ხასიათის, ანბანურად დალაგებული, საცნობარო ტიპის უნიკალური ნაშრომი, რომელიც დახმარებას გაუწევს არქეოლოგებს, ისტორიკოსებსა და ყველა დაინტერესებულ მკითხველს. საზოგადოებისათვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება „ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული თითოეული
ტოპონიმის შესახებ არსებული, ერთად თავმოყრილი არქეოლოგიური და აგრეთვე სხვა სახის ინფორმაცია. ლექსიკონში არსებული წერილობითი წყაროების საფუძველზე და ახალ არქეოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით ძველი საქართველოს კულტურულ- ისტორიული განვითარების ძირითადი კონტექსტია მოცემული. ამასთანავე აღსანიშნავია,
რომ, სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიის რეკონსტრუქციისათვის ფაქტების მონაცემები მცირეა. მიუხედავად ამისა, წერილობითი წყაროების, არქეოლოგიური და ეპიგრაფიკული ძეგლების მონაცემების ურთიერთშედარებისა და კრიტიკულად განხილვის საფუძველზე გარკვეულწილად ხერხდება საქართველოს ცალკეული პუნქტების — ქალაქების, სოფლებისა და ციხესიმაგრეების ისტორიის მეტ-ნაკლებად აღდგენა-წარმოდგენა. სამომავლოდ ჩაფიქრებულია ამ ლექსიკონის ელექტრონული ვერსიის შექმნა, რომელშიც ყოველი ახალი ტოპონიმის იდენტიფიკაციის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მისი ჩამატება ლექსიკონში, და მისი აღჭურვა ელექტრონული საძიებო სისტემით. ძველი საქართველოს ტოპოარქეოლოგიის საკითხები განიხილა არაერთმა მეცნიერმა. მათმა ნაშრომებმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს მოცემული ლექსიკონის შედგენის საქმეში. ლექსიკონში ხსენებული ნაშრომები დამოწმებულია და მოცემულია მათი სრული ბიბლიოგრაფია.