დამატებითი ინფორმაცია:
ნაშრომში განხილულია ძველი კოლხეთის ისტორია-ტოპოარქეოლოგიის საკითხები. პირველ ნაწილში შეფასებულია ბიოგეოგარემოს როლი კოლხეთის ისტორიული განვითარების პროცესში. ამასთან დაკავშირებით, წარმოდგენილია ბიოგეოგარემოს და ისტორიული განვითარების საერთო მოდელის სქემა. ავტორის თანახმად, სწორედ ბიოგეოგარემომ ითამაშა წამყვანი როლი კოლხეთის საწარმოო ძალთა განვითარებაში, საზოგადოების იერარქიულად დაქვემდებარებულ სტრატიფიცირებაში და სახელმწიფოებრიობის განვითარებაში, რის გამოც, კოლხეთის ბიოგეოგარემოს გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია მისი ისტორიის სრულად აღდგენა-წარმოდგენა. წიგნის მეორე ნაწილში შესწავლილია საგარეო ფაქტორის მნიშვნელობა კოლხეთის ისტორიული განვითარების პროცესში. საგარეო ფაქტორის მხრივ, ავტორი ყურადღებას უთმობს კოლხეთის ურთიერთობების შესწავლას საბერძნეთთან, იბერიასთან,
პონტოსთან, რომთან, რადგან ამ ქვეყნებმა ძირითადი როლი ითამაშეს კოლხეთის განვითარების კულტურულ-ისტორიულ პროცესში. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილებულია იბერია-კოლხეთის ურთიერთობის შესწავლაზე, რადგან მათ ადგილსა და საფუძველზე შემდგომში ჩამოყალიბდა ერთიანი სახელმწიფო – საქართველო.
შინაარსი
წინასიტყვაობა — ბიოგეოგარემოს და ისტორიული განვითარების მოდელი (ძველი კოლხეთის მაგალითზე) — საგარეო ფაქტორი კოლხეთის ისტორიული განვითარების პროცესში.