დამატებითი ინფორმაცია:
დევიდ ჰოლიდეი, რობერტ რეზნიკი, ჯერლი უოლკერი. ფიზიკის საფუძვლები. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010, 1391 გვ.
სახელგანთქმული ამერიკელი ფიზიკოსების, ატომური ფიზიკის დარგში დევიდ ჰოლიდეის (1916-2010), კვანტურ და ზოგად ფიზიკაში რობერტ რეზნიკისა (1923-2014), და კლივლენდის მეცნიერებათა კოლეჯის „Outstanding Teaching Award“-ის მფლობელის, ჯერლი უოლკერის (დაბ. 1945 წ.) განსახილველი სახელმძღვანელო ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოებამ 2002 წელს მეოცე საუკუნის ყველაზე გამორჩეულ და აღსანიშნავ გამოცემად აღიარა ფიზიკის შესავალ კურსთა შორის. ეს გამოცემა თავდაპირველად გამოქვეყნდა 1960 წელს და მალევე ფიზიკოსთათვის „ოქროს სტანდარტის“ სამაგიდო წიგნად იქცა. ამასთან, იგი დღეისათვის უკვე ათ შესწორებულ გამოცემას ითვლის და ნათარგმნია მსოფლიოს 47 ენაზე. სახელმძღვანელო უკანასკნელ საუკუნეში ფიზიკის განვითარებისა და თანამედროვე მიღწევების საფუძვლიან, მნიშვნელოვან ცოდნას იძლევა. მასში თეორიული შინაარსი და სახალისო პრაქტიკა საუკეთესოდ არის შერწყმული ერთმანეთთან. იგი ეხება ფიზიკის ისეთ საბაზისო სფეროებს, როგორიცაა მექანიკა, ტალღები, თერმოდინამიკა, ელექტრომაგნეტიზმი, ოპტიკა და ფარდობითობის თეორია. სახელმძღვანელო შეიცავს 37 თავს, რომელთაგან თითოეული იწყება კითხვით: „რა არის ფიზიკა?“, და დასკვნის სახით დართული აქვს მიმოხილვა და შეჯამება, შეკითხვები და ამოცანები. წიგნში მოცემული საკითხები მეტად ზუსტად, ნათლად და სახალისოდ არის განმარტებული და, მთლიანობაში, გამოცემა ფართო სპექტრისა და დიდი, მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაციის მომცველია, რაც მით უფრო იოლი აღსაქმელია, რომ იგი სწორედ ამგვარი სტილით არის გადმოცემული. გამოცემა უხვად არის ილუსტრირებული.