დამატებითი ინფორმაცია:
დიმიტრი უზნაძე. ომის ფილოსოფია.
დიმიტრი უზნაძე (1886-1950 წწ.), ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აკადემიკოსი, საგანგებო ნაშრომს უძღვნის ომის ფილოსოფია-ფსიქოლოგიას. იგი განიხილავს სიკვდილს, როგორც ბოროტებას და ასაბუთებს, რომ ადამიანის ცხოვრებას სიკვდილის შიში წარმართავს, და რომ ისინიც კი, ვინც მთელი ცხოვრება სიკვდილს ებრძვის, როგორც სხვა მოკვდავები, სიკვდილის შიშით არიან გამსჭვალულნი, და დასასრულს მაინც მარცხდებიან სიკვდილის წინაშე. ნაშრომში აღნიშნულია სიკვდილის მიმართ დამოკიდებულების სხვადასხვაობაც. თუმცა კი საზოგადოება სიკვდილს უბედურებად თვლის და მკვლელს – ბოროტების ჩამდენად, იგივე საზოგადოება ათასობით ადამიანის მკვლელს ომის დროს რაინდად შერაცხავს. აქედან გამომდინარე, ავტორი ასკვნის, რომ „ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ საშუალებაა, რომლის მეოხებითაც ხორციელდება ის უმაღლესი დანიშნულება, ადამიანის არსებობას სარჩულად რომ უდევს“. ნაშრომში უარყოფილია რუსი ფილოსოფოსის, ვლადიმერ სოლოვიოვის შეხედულება, რომლის თანახმადაც ომი გაერთიანების მიზანს ემსახურება, და მოტანილია ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების, რომის იმპერიის და გერმანიის 30 წლიანი ომის მაგალითები, რომლებსაც შედეგად გაერთიანება არ მოჰყოლია. ავტორი თვლის, რომ ომის დროს ცალკეული ადამიანების სიკვდილი შიშს აღარ იწვევს, და, შესაბამისად, სიცოცხლე არა არსებობის მიზანს, არამედ საშუალებას წარმოადგენს, რომელიც გარკვეული მიზნების მიღწევას მსხვერპლად ეწირება. რაც შეეხება ომს, იგი მჭიდროდ უკავშირდება ცხოვრების აზრის განხორციელებას და მხოლოდ ამგვარ ომს, და არა შეტევითს, შეუძლია წარმოშვას გმირები. მთლიანობაში კი ავტორი თვლის, რომ ცხოვრების აზრმა კალაპოტში უნდა ჩააყენოს ადამიანთა მოქმედების მცდარი სახე, აღიკვეთოს ენერგიის უაზრო ხარჯვა და დადგეს დრო, როცა ომი სრულ დავიწყებას მიეცემა.
ანოტაცია 2
დიმიტრი უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია.
დიმიტრი უზნაძე (1886-1950 წწ.), ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აკადემიკოსი, პირველი იყო ფსიქოლოგიური კვლევის ისტორიაში, ვინც თეორიულად დაასაბუთა და ემპირიულად შეისწავლა არაცნობიერი ფსიქიკური რეალობა, განწყობა, რომელიც მოქმედებს, როგორც ქცევის განხორციელების ფსიქოლოგიური მექანიზმი და საკუთარ თავში მოიცავს მოქმედებისათვის აუცილებელ მუხტს. ამ საკითხის შესახებ ავტორმა პირველად გამოაქვეყნა ნაშრომი „ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომებში“ (ტ. 6, 1949 წ.), სათაურით „განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები“. განსახილველი წიგნი ამავე საკითხს ეძღვნება. იგი განკუთვნილია როგორც სპეციალისტების, ისე დაინტერესებული მკითხველისათვის.
ვიდეო მასალა: ნათელა იმედაძე – დიმიტრი უზნაძე
https://www.youtube.com/watch?list=PL32281A15ABDC76DF&v=qIas9gZHG6k