დამატებითი ინფორმაცია:
ფრანგი ეთნოგრაფი, სოციოლოგი და კულტუროლოგი, სტრუქტურული ანთროპოლოგიის, სტრუქტურალიზმის სკოლის დამფუძნებელი, კლოდ ლევი სტროსი (1908-2009 წწ.), იყო ნათესავური სისტემების, ინცესტის თეორიის, მითოლოგიისა და ფოლკლორის სისტემათა მკვლევარი. განსახილველი ნაშრომი დაიწერა 1952 წელს, გაეროს შეკვეთით. მასში საუბარია არა რასების, არამედ ადამიანთა კულტურის მრავალფეროვნების შესახებ. მეცნიერი კატეგორიულად უარჰყოფს რასობრივ განსხვავებულობასთან სხვადასხვა კულტურების წარმომადგენელთა ინტელექტუალური და სოციალური ნიშან-თვისებების დაკავშირების შესაძლებლობას. მეტიც, ავტორი წარმოაჩენს, რომ მსოფლმხედველობა, დამყარებული ცალმხრივად განმარტებული პროგრესის იდეაზე ან ისტორიულ ევოლუციაზე, თავისთავად შეიძლება გახდეს რასიზმის წინამორბედი. ავტორი მიუთითებს, რომ კულტურულ მრავალფეროვნებას გააჩნია როგორც ობიექტური საფუძვლები (ბუნებრივი გარემოს სპეციფიკური პირობები, განსხვავებული გეოგრაფიული მდგომარეობა), ისე სუბიექტური – სურვილი, განსხვავდებოდეს მეზობლებისაგან, რისთვისაც ავითარებს ცხოვრების მათგან განსხვავებულ სტილს. მრავალფეროვნების დასაცავად გამოიყენება ეთნოცენტრიზმიც – უცხო კულტურის ამა თუ იმ ფორმით უარყოფა და „ბარბაროსებად“ ან „ველურებად“ ჩათვლა. ამგვარი ქსენოფობიური მსოფლაღქმის ნიშან-თვისებათა შესახებ მსჯელობის დასკვნისას ავტორი იძლევა ერთი შეხედვით საოცარ ფორმულას: „ბარბაროსი – ეს, პირველ რიგში, არის ადამიანი, რომელსაც სჯერა თავისი ბარბაროსობისა“. ნაშრომში განხილული დებულებები უკვე ათეული წლებია, შეტანილია საფრანგეთის ლიცეუმების სასწავლო პროგრამებში.
ვიდეო მასალა: ზურაბ კიკნაძე – კლოდ ლევი სტროსი
https://www.youtube.com/watch?list=PLC9B13094F1E6C8CF&v=GMkXytygJgA