დამატებითი ინფორმაცია:
ადმინისტრაციულ მეცნიერებათა დოქტორ ლი გ. ბოლმანისა და პედაგოგიკისა და სოციოლოგიის დოქტორ ტერენს ი. დილის ეს ნაშრომი, რომლის პირველი გამოცემაც 1984 წელს განხორციელდა, გამოქვეყნებისთანავე ბესტსელერად და კლასიკად იქცა მართვის, ანუ მენეჯმენტის, და ლიდერობის დარგში. მასში აღწერილია ოთხი საბაზისო წყობა („ფრეიმი“ ამ თარგმანის მიხედვით), რომელიც დაწესებულებათა ხელმძღვანელებს წარმოუდგენს ორგანიზაციებს ოთხი განსხვავებული თვალსაწიერიდან და მათი გათვალისწინების მეშვეობით აძლევს საშუალებას, უკეთ შეძლონ მართვის საჭირო სახის განსაზღვრა. ესენია: სტრუქტურული, პოლიტიკური, ადამიანურ რესურსთა და სიმბოლური წყობა. მიუხედავად იმისა, რომ თარგმანი ბარბარიზმებით და ახლადშემოტანილი უცხოური ტერმინოლოგიით არის გადატვირთული და მკითხველს ზოგი მონაკვეთი ნაკლებად გასაგებად შეიძლება მოეჩვენოს, მთლიანობაში, წიგნი მეტად აქტუალური და საჭიროა როგორც სტუდენტებისათვის, ისე დაწესებულებათა მოქმედი და მომავალი ხელმძღვანელებისთვის. თავად გამოცემა, როგორც სატიტულო გვერდზეა აღნიშნული, წიგნის მეოთხე გამოცემიდან არის გადმოღებული, თუმცა წინასიტყვაობა მას მეხუთე გამოცემიდან ერთვის. გამოცემის დასასრულს მოცემულია მოკლე ინფორმაცია ავტორთა შესახებ და ვრცელი ბიბლიოგრაფია. |