დამატებითი ინფორმაცია:
პიტერ გ. ნორთჰაუზი. ლიდერობა: თეორია და პრაქტიკა. ლოს ანჯელესი, ლონდონი, 2010, 375 გვ. დასავლეთ მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორის, პიტერ გ. ნორთჰაუზის ამ ბესტსელერში, რომელიც თავდაპირველი გამოცემის მეხუთე რედაქციას წარმოადგენს, განხილულია ლიდერობასთან დაკავშირებით არსებული ძირითადი თეორიები და ყურადღება ეთმობა მათ პრაქტიკაში გამოყენებას და ლიდერობის სხვადასხვა მიდგომათა მიმართ მკითხველის ცოდნის გაღრმავებას. ავტორი ეხება ლიდერობას, როგორც თვისებას, სტილსა და უნარს, ლიდერისა და ჯგუფის წევრის ურთიერთმიმართებას, ე.წ. ტრანსფორმაციულ და ავთენტურ ლიდერობას, ფსიქოდინამიურ მიდგომას ლიდერობასთან, გენდერსა და ლიდერობის სტილს – ქალსა და ლიდერობას, კულტურასა და ლიდერობის ეთიკას, ლიდერობასა და პოზიტიურ ფსიქოლოგიურ შესაძლებლობებს, ინტერაქციულ სოციალურ ხასიათსა და ლიდერობას. აღსანიშნავია, რომ გამოცემაში ყურადღება ეთმობა ეთიკურ ლიდერობასაც, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან ცოტა გამოკვლევა არის დაწერილი და რომელიც მოიცავს იმ პრინციპებს, რომლებიც ლიდერებს ზნეობრივი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებიან. წიგნი დაყოფილია 15 თავად. თითოეულ მათგანში მოცემულია განსახილველი თეორიის სიძლიერის დამადასტურებელი არგუმენტაცია და მისი კრიტიკა, მოყვანილია სამი სიტუაციური მაგალითი, რომლებიც ლიდერობასთან დაკავშირებული საკითხებისა და დილემების ილუსტრირებას უწყობენ ხელს, ამასთან, დასმულია შეკითხვები, რომლებიც მკითხველს ეხმარება სიტუაციის ინტერპრეტაციაში. თითოეულ თავს ახლავს თვითშეფასების კითხვარი, რომელიც საშუალებას აძლევს მკითხველს, მოცემული მიდგომა დაუკავშიროს ლიდერობის მისეულ სტილს მისთვის ნაცნობ სიტუაციაში. გამოცემაში უხვად არის მოცემული სქემები და ცხრილები თეორიების შინაარსის საილუსტრაციოდ, დასასრულს კი წიგნს ერთვის ვრცელი ბიბლიოგრაფია. |