დამატებითი ინფორმაცია:
ავსტრიელი ეკონომისტი და ფილოსოფოსი, ე.წ. ახალი „ავსტრიული სკოლის“ წარმომადგენელი, ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი (1899-1992 წწ.), ეკონომიკურ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის 1984 წელს ნობელის პრემიით დააჯილდოვეს. იგი ცნობილია ტოტალიტარიზმის საფრთხეთა შედეგების წინასწარი განჭვრეტით, თავისუფლების იდეალებისათვის მიზანმიმართული ბრძოლითა და თავისი ორიგინალური მიდგომებით, რამაც ასახვა ჰპოვა მის კომპლექსურ და მრავალმხრივ ნაშრომებში. მათგან ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება „გზა ბატონყმობისაკენ“ („The Road to Serfdom“, 1944 წ.), რომელიც გამოცემისთანავე ანტიტოტალიტარული ინტელექტუალური მოძრაობის სამაგიდო წიგნად იქცა და ითვლება ერთ-ერთ ფუძემდებლურ ნაშრომად კლასიკური ლიბერალიზმის სფეროში. ნაშრომში ავტორი ეხება ტოტალიტარული სახელმწიფოს ძალმომრეობით და ანტიადამიანურ ბუნებას და მის უტოპიურ კოლექტივისტურ იდეებს, რომელთა სამსახურშიც იძულებით აყენებს ადამიანს, იმის სრული უგულებელყოფით, რომ ამ უკანასკნელის წარმატება მისი თვითმყოფადობითა და შემოქმედებითი უნარის თავისუფალი გამოხატვით მიიღწევა. ნაშრომის ძირითად იდეას წარმოადგენს ის, რომ ეკონომიკის გეგმიური რეგულირების გაძლიერება გარდაუვლად იწვევს სოციალისტური იდეების გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს პირველ ნაბიჯს ტოტალიტარიზმისაკენ. კოლექტივიზმის და ცენტრალიზებული დაგეგმვის სასარგებლოდ ეკონომიკურ თავისუფლებაზე საზოგადოების მიერ უარის თქმას ავტორმა უწოდა „გზა ბატონყმობისაკენ“, რომელსაც საზოგადოება მიჰყავს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ადამიანის ძირითადი უფლებების დაკარგვამდე. განსახილველ და ამავე თემაზე მოგვიანებით დაწერილ სხვა ნამუშევარში („დამღუპველი თავდავიწყება: სოციალიზმის შეცდომები“, 1989 წ.) ავტორი აყალიბებს საზოგადოებრივი ცხოვრების ე.წ. „სპონტანური წესრიგის თეორიას“. წიგნმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაზე, იქცა აშშ-სა და ინგლისის მთავრობების მიერ სახელმწიფო რეგულირებაზე უარის თქმისა და კლასიკური კონკურენტული ბაზრისაკენ მიბრუნების იდეურ საფუძვლად. განსახილველი მონაკვეთი წარმოადგენს ავტორის ნამუშევრის „გზა ბატონყმობისკენ“ (1944 წ.) 1945 წლის აპრილში, „რიდერს დაიჯესტში“ გამოქვეყნებული ტექსტის შემოკლებულ ვერსიას.