პლაგიატი

რა არის პლაგიატი?

პლაგიატი – სხვისი ინტელექტუალური შრომის შედეგის, ტექსტის, იდეის, კონცეფციის, ვიზუალური ან/და აუდიო-მასალის, ნებისმიერი სახის მონაცემის მითვისება, თარგმნა და გავრცელება ავტორის მითითების გარეშე;

პლაგიატის შემთხვევებია:

  • თვითპლაგიატი – საკუთარი ნაშრომის სხვა, ახალ ნაშრომში გამოყენება თავდაპირველი წყაროს მითითების გარეშე;
  • ფალსიფიკაცია – აკადემიურ ნაშრომში მონაცემების, ინფორმაციის ან ციტატების გაყალბება, დამახინჯება;
  • სხვისი ინტელექტუალური შრომის შედეგის სხვადასხვა მეთოდით, არაკეთილსინდისიერი გზით მოპოვება, მითვისება, გავრცელება ავტორის თანხმობით ან თანხმობის გარეშე;
  • სხვათა სიტყვების ან იდეების გამოყენება წყაროს მითითების გარეშე;
  • ციტირების წესების დარღვევა, სადაც ამის აუცილებლობა არსებობს;
  • ციტირებისას არასწორი ინფორმაციის მითითება.

როგორ ავიცილოთ თავიდან პლაგიატი?

ავტორმა ცხადად უნდა წარმოადგინოს ნაშრომის რა ნაწილებია მისი და რომელი მონაკვეთია აღებული სხვისი ნამუშევრიდან. სხვა ავტორის ნამუშევრის გამოყენებისას ყოველთვის მიუთითეთ შესაბამის წყაროზე ისე, რომ მკითხველისთვის შესაძლებელი გახდეს წყაროს მოძიება. სხვისი ტექსტის გამოყენებისას, უმჯობესია მიმართოთ პარაფრაზირებას, ხოლო თუ კონკრეტული ციტატა მოგყავთ, საჭიროა ტექსტი ჩასვათ ბრჭყალებში.

ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის მიუთითოთ წყარო, რადგან ყველა სამეცნიერო ნაშრომი უნდა ემყარებოდეს წინა შრომების შედეგებს. წყაროების მითითება შესაძლებლობას იძლევა, რომ ახალი ნაშრომი წარმოდგენილი იყოს უფრო ფართო კონტექსტში და გამოიკვეთოს მისი კავშირი სხვა კვლევებთან. წყაროს მითითება ასევე გამოიყენება მეთოდებისა და ცნებების განსაზღვრისთვის.

წყაროების მითითებით შესაძლებელია, რომ პლაგიატის უმეტესი შემთხვევა თავიდან იქნას აცილებული. უბრალოდ, საკმარისია იმის აღიარება, რომ გარკვეული მასალა აღებული იყო სხვა წყაროდან და აუდიტორიას/მკითხველს მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია წყაროს მოსაძიებლად.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური კეთილსინდისიერების წესი სტუდენტებისათვის.

Facebook