2010 წლის გაზაფხულზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ დაგეგმა და განახორციელა სულხან-საბა ორბელიანის დარბაზის ფონდის სომხური გამოცემების საინვენტარო ჟურნალის მონაცემების ელექტრონიზაციისა და საკატალოგო ბარათებთან შეადარების პროექტი.
პროექტში მონაწილეობას იღებდნენ შესაბამისი კომპეტენციის მქონე მოწვეული თანამშრომელი, რომელიც აღწერდა სომხური ფონდის წიგნებს, ასევე, სულხან-საბა ორბელიანის ფონდის საცავის ბიბლიოთეკარები და კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის განყოფილების თანამშრომლები. ერთობლივი მუშაობის შეჯერებული შედეგები შესასწავლად გადაეგზავნა სომხური კულტურის ექსპერტს.
ფონდიდან გამოცალკევდა ფიზიკურად დაზიანებული, მოძველებული შინაარსის გამოცემები და დაკარგული წიგნები. საინვენტარო ნომრის გარეშე დარჩენილი ერთეულები გადაეცა აღსანუსხად კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის განყოფილებას. სულ დამუშავდა ინფორმაცია 3094 ერთეული სომხურენოვანი წიგნის შესახებ.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus