სასწავლო (საინფორმაციო) რესურსების განვითარების პროექტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2009/2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ სასწავლო კურსების პროგრამებში (სილაბუსებში) მითითებული სამეცნიერო (საინფორმაციო) ლიტერატურის მხოლოდ 30% არის ამავე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომი.

ეს გარემოება აფერხებს სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესში სრულფასოვნად ჩართვას სასწავლო რესურსზე ხელმიუწვდომელობის გამო (მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს და თავად აკადემიურ პერსონალს აქვს შემუშავებული სტუდენტების სასწავლო რესურსით უზრუნველყოფის სხვა სტრატეგიები, მაგ. პროგრამა „არგუსი”, ასლების გამრავლება და ა.შ.), რაც თავისთავად სწავლის ხარისხსა და გარემოზე უარყოფითად აისახება. ასევე, დროს ართმევს და დისკომფორტს უქმნის იმ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებსაც მათი კურსისთვის საჭირო რესურსის სტუდენტებისთვის გაზიარების მიზნით სხვადასხვა მათთვის არაკომფორტულ გზას მიმართავენ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ შეიმუშავა პროექტი, რომელიც გააადვილებს როგორც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების სამუშაო პროცესს, ასევე, რაც მთავარია, ხელს შეუწყობს სტუდენტებს მათთვის აუცილებელი სასწავლო რესურსის ბეჭდური და ელექტრონული ფორმით, დროისა და ფინანსური რესურსის მინიმალური დანახარჯით, ხელმისაწვდომობაში და ამ მხრივ გააუმჯობესებს სასწავლო გარემოს.

პროექტს ექნება როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი შედეგები. პროცესის დროს მოხდება პროფესორ-მასწავლებელთა კვლევა, მათთვის საინტერესო საინფორმაციო რესურსის საჭიროებების დადგენა, ბიბლიოთეკის მომსახურების გაუმჯობესება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით.

პროექტში ჩაერთვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიერ დასაქმებული კონკურსის წესით შერჩეული ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები. მათი დასაქმების გარდა, ამ პროექტში ჩართვა მათ მისცემს საშუალებას განივითარონ და დახვეწონ ის უნარები, რომლებიც მათ როგორც სასწავლო პროცესისთვის, ასევე შემდგომი დასაქმებისთვის გამოადგებათ.

პრობლემა:

· ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიბლიოთეკის ფონდი არ არის შესაბaმისობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 ნოემბერის ბრძანებასთან N1030 “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების, სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ”, რომლის თანახმად, “დაწესებულების ბიბლიოთეკის ფონდი (როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონულ მატარებლებზე არსებული) შეესაბამება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსების პროგრამებში (სილაბუსებში) მითითებულ ლიტერატურას”;

· სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესში სრულფასოვნად ჩართვა სასწავლო რესურსზე ხელმიუწვდომელობის გამო;

მიზნები:
· სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა ყველა საჭირო საინფორმაციო რესურსით;

· ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სხვა მასწავლებლების (ლექტორები) ბიბლიოთეკაში მოზიდვა და მათი ინფორმირება ბიბლიოთეკის სხვადასხვა სერვისების თაობაზე სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

სტრატეგიები:

1) სასწავლო კურსების ხელმძღვანელებთან უშუალო კონტაქტი (შეხვედრების დაგეგმვა); მათი ინფორმირება და კონსულტირება ბიბლიოთეკის სერვისების შესახებ;

2) სასწავლო კურსების ხელმძღვანელების გამოკითხვა სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით და აღმოჩენილი პრობლემების შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა (კითხვარი);

3) სასწავლო კურსების ხელმძღვანელების ჩართვა სილაბუსებში მითითებული საინფორმაციო რესურსის შეფასებაში (ელკატალოგი, ბარათული კატალოგი);

4) სასწავლო კურსების პროგრამებში (სილაბუსებში) ასახული საინფორმაციო რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

5) სტუდენტებისათვის საბიბლიოთეკო სერვისების გაუმჯობესება სასწავლო რესურსების უზრუნველყოფით.

ამოცანები:

1) კურსის ხელმძღვანელებთან შეხვედრების დაგეგმვა/ჩატარება;

2) შეხვედრებზე და ელექტრონულად კურსის ხელმძღვანელების გამოკითხვის შედეგების ანალიზი და საჭიროებების დადგენა;

3) შეხვედრებზე და ელექტრონულად კურსის ხელმძღვანელებისთვის ბიბლიოთეკის სერვისებისა და ბიბლიოთეკის მიერ შემუშავებული წესების გაცნობა (მაგ.: საინფორმაციო რესურსის შესყიდვის წესი, “რიდერის” დამზადებისთვის მასალის მოწოდების წესი, სილაბუსის შეფასების წესი, ბიბლიოთეკაში არსებული ელექტრონული კატალოგი და ა.შ.

4) ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის მიერ საინფორმაციო რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ადეკვატური პროცედურების შემუშავება და აქტივობების განხორციელება.

ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული პროცედურები და წესები:

ვადების დადგენა

· ყოველი სასწავლო სემესტრისთვის სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული საინფორმაციო რესურსის “რიდერის” სახით დასამზადებლად კურსის ხელმძღვანელებისგან მასალის მოწოდების ბოლო ვადა განისაზღვრება წინა სასწავლო სემესტრის სასწავლო პროცესის დასრულებამდე ერთი თვით ადრე. (მაგ.: 2009/2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მასალის მოწოდების ბოლო ვადა იქნება 2010 წლის 4 ივნისი.

· ყოველი მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებისთვის სასწავლო მასალა “რიდერების” სახით ხელმისაწვდომი იქნება როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმით.

შეხვედრები აკადემიურ პერსონალთან

· კურსის ყველა ხელმძღვანელთან, პროფესორ-მასწავლებელთან ელექტრონულად დაიგზავნება ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული მასალა მათი ინფორმირების მიზნით (მათთვის პროცედურა უკვე ნაცნობია, ამიტომ ყურადღება გამახვილდება მასალის მოწოდების ბოლო ვადასა და პროცედურაში შესულ ცვლილებებზე (მაგ.: “რიდერისთვის” მასალის წარმოდგენის წესი და ა.შ.);

· ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ფაკულტეტების და/ან მიმართულებების მიხედვით დაიგეგმება შეხვედრები აკადემიურ პერსონალთან (ფაკულტეტების და/ან მიმართულებების ხელმძღვანელების შეხვედრებზე დასწრებით (პრეზენტაცია, საკონტაქტო მასალა ბეჭდური და ელექტრონული ფორმით, კითხვარი));

ბეჭდური და ელექტრონული “რიდერის” დამზადებისთვის პასუხისმგებელი პირები, მათი ფუნქციები, დამზადების პროცედურა

· სივრცისა და გარემოს მოწყობა:

“რიდერების” დამზადებისთვის გამოიყოფა შესაბამისი სივრცე, რომელიც აღიჭურვება სათანადოდ: სკანერი (სასურველია 2) , პრინტერი, კომპიუტერები (მინიმუმ 5), კარადა/თაროები შემოსული მასალის დაცულად შენახვისთვის და დასახარისხებლად, მაგიდა;

· პასუხისმგებელი პირები და სამსახურები:

საინფორმაციო რესურსის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხიმგებელი პირი (ნათია ჩხენკელი), საინფორმაციო რესურსის დამზადების ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი (ლევან ელერდაშვილი), სტუდენტების მიერ შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა/კოორდინირების უზრუნველყოფაზე პასუხიმგებელი პირი (ელისაბედ ჯიჯავაძე), კატალოგიზაციასა და შესაბამის დარბაზში მასალის განთავსებაზე პასუხიმგებელი პირი (თამარ ბჟალავა), სხვადასხვა სამუშაოს შესრულებაზე (მასალის მიღება, აღრიცხვა, დასკანერება, დამუშავება, ელექტრონული “რიდერების” ინტერნეტსივრცეში განთავსება – პასუხისმგებელი პირები (სტუდენტები); “რიდერების” აკინძვაზე პასუხისმგებელი პირები – სტამბის თანამშრომლები;

· ფუქციების განაწილება:

ნათია ჩხენკელი: სტუდენტებისთვის ინსტრუქციების გაწერა, საერთო წესების შემუშავება, კონსულტირება, შესრულებული სამუშაოს თაობაზე ანგარიშის მიღება, ანგარიშისა და შესასრულებელი სამუშაოს ფორმების შედგენა, შესასრულებელი სამუშაოს მართვა, შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი, სტუდენტებისთვის გაწერილი ფუნქციების გაცნობა/ტრენინგი;

ლევან ელერდაშვილი: სტუდენტებისთვის ფუნქციების მინიჭება შესაბამისი ტექნიკური უნარების მიხედვით, ტექნიკური სამუშაოსთვის კონსულტირება, ერთობლივი წესების შემუშავება, შესრულებული სამუშაოს თაობაზე ანგარიშის მიღება, შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი, მათთვის გაწერილი ფუნქციების გაცნობა/ტერნინგი;

ელისაბედ ჯიჯავაძე: სტუდენტების დროის ოპტიმალური განაწილება, განრიგის შედგენა/მონიტორინგი;

თამარ ბჟალავა: შესრულებული სამუშაოს პროდუქტის (ბეჭდური “რიდერების”) კატალოგიზაცია, დახარისხება, განაწილება/განთავსება;

სტუდენტები: მასალის მიღება, დახარისხება, აღნუსხვა, დასკანერება, დამუშავება, აწყობა, ამობეჭდვა, სასწავლო კურსების მიხედვით შეკვრა, სტამბისთვის გადაცემა, სტამბიდან მიღება, კატალოგიზაციისთვის გადაცემა, ელექტრონული ვერსიების გამართვა/ვებსივრცეში განთავსება.

· ბეჭდური ვერსიის დამზადების პროცედურა:

1) კურსის ხელმძღვანელი მასალის მოწოდებასთან ერთად ავსებს ფორმას შესაბამისი მონაცემების მითითებით (ბეჭდური და ელექტრონული შესავსები ფორმა );

2) საინფორმაციო მასალის (ბეჭდური და ელექტრონული) სისტემატიზაცია მოხდება სასწავლო კურსებისა (მიენიჭება კოდი) და სასწავლო მასალის (მიენიჭება კოდი) მიხედვით;

3) კურსის ხელმძღვანელისგან შემოსული მასალა კურსის ხელმძღვანელის ვინაობის, კურსის დასახელებისა და დასასკანერებელი ან ამოსაბეჭდი (ელექტრონული) გვერდების რაოდენობის მითითებით დახარისხდება (წიგნები კარადაში/ თაროზე, ელექტრონული მასალა (კომპიუტერში) და აღინუსხება;

4) google.doc-ის ფაილში აღინუსხება შემოსული ბეჭდური და ელექტრონული მასალა შესაბამის ფაილში (მასალა “რიდერებისთვის”) – სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით და გადაინაცვლებს დასასკანერებლად; ამავე ფაილში მოხდება ყველა იმ ეტაპის აღნუსხვა, რომელსაც გაივლის კურსის ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული ესა თუ ის მასალა “რიდერის” საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მისვლის ჩათვლით; ეს დოკუმენტი გაზიარებული ექნება კურსის ყველა იმ ხელმძღვანელს, რომელიც მოგვაწვდის მასალას და რომელიც შეძლებს თვალი ადევნოს ნებისმიერ ეტაპზე მისი კურსისთვის განკუთვნილი “რიდერის” დამზადების პროცესს;

5) სრულყოფილად მოწოდებული მასალა დასკანერდება ერთიანად (მომდევნო კურსის ხელმძღვანელის (რიგი იწარმოებს მასალის მოწოდების თარიღით) მასალაზე მუშაობა დაიწყება მას შემდეგ, რაც დასრულდება რიგით მის წინ მდგომი პირის მასალაზე მუშაობა) და გადაინაცვლებს უკვე დასკანერებული მასალის საცავში; არასრულყოფილად (ელექტრონული მასალა ხარვეზებით, მასალის მოგვიანებით დამატება და ა.შ) მოწოდებული მასალა გადაინაცვლებს დასასკანერებელი რიგის ბოლოს და დამატებული მასალის მოწოდების თარიღით ჩადგება რიგში;

6) დასკანერებისას შეიქმნება ფოლდერი კურსის კოდის სახელწოდებით, რომელშიც მოთავსდება დასკანერებული ფაილები შესაბამისი მასალის კოდის ქუდის ქვეშ (მაგ.: კურსის კოდი – 01; პირველი მასალის კოდი – 01-1 და ა.შ.) აუცილებლად დასკანერდება ყველა მოწოდებული ნაბეჭდი რესურსის ყდა და მოთავსდება შესაბამის ფოლდერში;

7) კურსის კოდის “სახელობის” ამავე ფოლდერში მოთავსდება კურსის ამავე ხელმძღვანელისგან მოწოდებული ელექტრონული მასალა;

8) დასკანერებული მასალა გადაინაცვლებს მასალის დასამუშავებლად და ერთიანად დამუშავდება (მე-3 პუნქტში აღწერილი პროცედურის დაცვით). შესაძლებელია, დასამუშავებელი აღმოჩნდეს ელექტრონულად მოწოდებული მასალაც;

9) სრულყოფილად შემოსული მასალის პარამეტრების გათვალისწინებით შედგება კურსის შესაბამისი თავფურცელი;

10) დამუშავებული მასალა გაერთიანდება (მაგ.: ერთი მასალის ერთი ამონარიდი ერთ ფაილად);

11) კურსის მთელი მასალის გაერთიანების შემდგომ (მაგ.: ყველა ამონარიდი + თავფურცელი) მასალა ამოიბეჭდება.

12) ამობეჭდილი მასალა აღინუსხება google.doc-ის ფაილში “რიდერების” სია” და გადაეცემა სტამბას ასაკინძად. სტამბას ეცნობება თითეული “რიდერის” თაბახის ფურცლის რაოდენობა და აკინძვის ფორმატი (ვერტიკალური/ჰორიზონტალური);

13) სტამბიდან მოწოდებული “რიდერი” შემოწმდება (ტექნიკური მხარე) და გადაეცემა თამარ ბჟალავას შემდგომი განაწილებისთვის;

14) თითეულ კურსზე დარეგისტრირებულ სტუდენტთა რაოდენობის დაზუსტებისთანავე დამზადდება შესაბამისი რაოდენობის ქსეროასლები, რომლებიც აიკინძება სტამბაში მე- 9) პუნქტში აღწერილი პროცედურით.

· ელექტრონული ვერსიის დამზადების პროცედურა:

1) კურსის მასალის საბოლოო სახის მიცემისა ან ამობეჭდვის შემდეგ (ყველა ხარვეზის თავიდან ასაცილებლად) სრულად დამუშავებული ელექტრონული მასალა განთავსდება ვებგვერდზე.

2) უზუსტობების თავიდან ასაცილებლად google.doc-ში შექმნილ გაზიარებულ ფაილში დაფიქსირდება აღმოჩენილი ხარვეზები მათი აღმოფხვრის მიზნით.

· აკადემიური პერსონალის ინფორმირება

კურსის ხელმძღვანელები მიიღებენ ინფორმაციას მათი კურსების “რიდერების” დამზადების ეტაპების თაობაზე გაზიარებული ფაილით „მასალა რიდერებისთვის” .

კითხვარი:

1) მიმართულებების მიხედვით დაგეგმილ შეხვედრებზე კითხვარების საშუალებით გამოიკითხება კურსის ყველა ხელმძღვანელი.

2) ყოველი სასწავლო სემესტრისთვის ყველა გამოკითხული კურსის ხელმძღვანელის კითხვარი დამუშავდება სხვადასხვა საჭიროების დასადგენად;

3) გაზაფხულის სასწავლო სემესტრისთვის გამოკითხულ კურსის ხელმძღვანელთა კითხვარების ანალიზის შედეგები თანდართულია ცალკე ფაილად.

რეკომენდირებული აქტივობები:

ü ტრენინგი კურსის ხელმძღვანელებისთვის google-ის სერვისების ეფექტურად გამოყენებისთვის;

ü პროფესორ-მასწავლებელთა ინფორმირებულობის გაზრდა;

ü რაოდენობრივი მაჩვენებლის დადგენა: გამოკითხული კურსის ხელმძღვანელებიდან რამდენმა დაგვამზადებინა “რიდერი” და წარმოადგინა განაცხადი შესყიდვაზე;

ხარჯთაღრიცხვა:

შესრულებული სამუშაოს გამოთვლების საფუძველზე დადგინდა “რიდერების” დამზადებისთვის გაწეული ხარჯები:

მატერიალური რესურსი:

· თაბახის ფურცლები: საშუალოდ 1 “რიდერის” ფურცლების რაოდენობაა – 90; 100 “რიდერისთვის” თაბახის ფურცლების რაოდენობა შეადგენს – 9000; შესაბამისად, 4 ყუთი – 20 შეკვრა, 140 ლარი.

· კარტრიჯი: 100 “რიდერის” დასამზადებლად კარტრიჯი 4-ჯერ დაიმუხტა, რაც შეადგენს 100 ლარს;

· ფაილები: საჭიროა ფაილების 5 შეკვრა – 20 ლარი;

· სტამბაში და საკომუნიკაციოდ (ტელეფონი) გაწეულ ხარჯთან ერთად 100 “რიდერის” დასამზადებლად გაწეული ხარჯია 40 ლარი;

· სულ: 300 ლარი.

ადამიანური რესურსი:

· სტუდენტები: “რიდერების” დამზადებისთვის სტუდენტების საათობრივი დატვირთვა კვირაში თითოეულზე შეადგენს 20 საათს, “რიდერების” დამზადების დღიდან (11.02.2010) აპრილის დასაწყისამდე მათ დატვირთვამ სულ შეადგინა – 1046 საათი. საათობრივი ანაზღაურება შეადგენს – 2.25 ლარს, ხოლო სულ შეადგინა – 2343 ლარი.

· პასუხისმგებელი პირები: ორი კოორდინატორის (ნათია ჩხენკელი, ლევან ელერდაშვილი) დატვირთვის 90-90 პროცენტმა და ერთი პასუხისმგებელი პირის (ნანა ხუსკივაძე) საერთო ანაზღაურებამ შეადგინა 5050 ლარი.

· სულ: 7403 ლარი

2010 წლის 11 იანვრიდან აპრილამდე 100 “რიდერის” დამზადებისთვის გაწეული ფინანსური ხარჯი როგორც მატერიალური, ასევე ადამიანური რესურსის გათვალისწინებით, შეადგენს 7703 ლარს.

მოსალოდნელი (პირდაპირი და ირიბი) შედეგები:

1) სასწავლო კურსების ხელმძღვანელების მიერ კორპორატიული ელექტრონული ქსელის გამოყენების გააქტიურება;

2) კურსის ხელმძღვანელების მიერ სილაბუსებში მითითებული რესურსისა და ბიბლიოთეკაში არსებული რესურსის შეფარდების დადგენა;

3) კურსის ხელმძღვანელები სტუდენტებს მიაწვდიან ინფორმაციას მათთვის სასწავლო რესურსების უზრუნველყოფის მიზნით.

4) დადგინდება კურსის ყველა ის ხელმძღვანელი, რომელიც საჭიროებს ტრენინგს Google.doc-ის გამოყენებაში;

5) დაიგეგმება ტრენინგი მათთვის სასწავლო პროცესის დასრულებისთვის ან დასაწყისისთვის;

6) ბიბლიოთეკა საინფორმაციო რესურსით შეივსება;

7) გამართული მუშაობა გამოიწვევს კურსის ხელმძღვანელის ნდობის გაღვივებას ბიბლიოთეკის მიმართ და მასთან ურთიერთობის საჭიროების განცდას, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის ეფექტურობას;

8) “რიდერების” დამზადებით:

ü იზოგება ფინანსური რესურსი (წიგნების შესყიდვა უფრო ძვირი დაჯდებოდა, იხ. ანგარიში);

ü გამართული კოორდინირების შედეგად იზოგება პასუხიმგებელი პირის რესურსი (სხვა მიმართულებებით მუშაობის შესაძლებლობა ეძლევა);

ü დასაქმებულ სტუდენტებს გამოუმუშავდებათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ხდება მათი კვალიფიკაციის ამაღლება შესაბამისი უნარების მიმართულებით – (მომავალი დასაქმებისთვის სასარგებლო);

ბანერები

Facebook