დამატებითი ინფორმაცია:
ფრანგული განმანათლებლობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენლის, ჟან-ჟაკ რუსოს (1712-1778 წწ.) განსახილველ რომან-ტრაქტატში პირველად არის სისტემურად დამუშავებული ბუნებრივი აღზრდის თეორია, რომელშიც გათვალისწინებულია ბავშვის ფიზიკური, გონებრივი და ზნეობრივი განვითარება მისი პიროვნებად ჩამოყალიბების სხვადასხვა ეტაპებზე. ავტორი იძლევა სამ მნიშვნელოვან თეზისს ბუნებრივი განვითარების მიზანშეწონილობის, უფროსთა და ბავშვთა შორის არსებული განსხვავებებისა და ბავშვების განვითარების სხვადასხვა ეტაპებს შორის არსებული შინაგანი განსხვავებების შესახებ. ეს სამი თეზისი განსაზღვრავს აღზრდის მიზანს, შინაარსსა და განხორციელების მეთოდებს, თავად აღზრდის მიზანს კი წარმოადგენს აღსაზრდელის შეძლებისდაგვარად უკეთ მომზადება ცხოვრებისათვის. ნაშრომი დაყოფილია 4 წიგნად: სიცოცხლის პირველი წლის, საბავშვო ასაკის (2-12 წწ.), სიყმაწვილისა (12-15 წწ.) და ჭაბუკობის (15 წლიდან ქორწინებამდე) ხანებად. ამ ოთხწიგნეულს ერთვის მეხუთე წიგნიც გოგონების აღზრდის შესახებ, რომლებიც, ავტორის შეხედულებით, ყმაწვილთაგან განსხვავებულად უნდა აღიზარდონ და უნდა მომზადდნენ სამაგალითო ცოლებად და დედებად, რისთვისაც სჭირდებათ კონკრეტულ ხელობათა და დისციპლინათა ცოდნა. ბავშვების აღზრდა გადმოცემულია ბავშვის, ემილის აღზრდის ფონზე. რომანში აღწერილია მის მიერ ხელობების დაუფლება, მისი სიყვარული სოფის მიმართ და ბედნიერი ქორწინება სატრფოსთან. ამასთან, არც ემილი და არც სოფი არ წარმოადგენენ ცოცხალი ადამიანის ჩანახატებს, არამედ მხატვრულ-ფილოსოფიურ განზოგადებას, პერსონიფიცირებულ წარმოდგენას ადამიანის შესახებ. იგივე შეიძლება ითქვას ემილის მასწავლებელზეც, რომელშიც ავტორმა საკუთარი თავი გამოსახა.
1761 წელს პარიზში ამ რომანის გამოქვეყნებამ დიდი სკანდალი გამოიწვია. წიგნის მეოთხე თავში მოცემულმა ეპიზოდმა, რომელსაც „სავოის ვიკარიუსის აღსარება“ ეწოდა და რომელშიც საშინლად არის გაკრიტიკებული ოფიციალური ეკლესია, მკითხველი სრულიად გააოგნა და აღტაცებულ თაყვანისმცემლებთან ერთად, დაუძინებელი მტრებიც გაუჩინა. ჯერ ფრანგმა კათოლიკურმა, შემდეგ კი შვეიცარიულმა პროტესტანულმა ეკლესიამ დაგმო ეს წიგნი და დაწვა კიდეც პარიზის ერთ-ერთ მოედანზე. თავად ავტორი დიდი ხნის განმავლობაში იძულებული იყო, თავშესაფარი ეძებნა, რადგან მას სდევნიდნენ დიდებულებიც და უბრალო ადამიანებიც, რომლებსაც მისი ჯადოქრობის შესახებ გავრცელებული ჭორების სჯეროდათ. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ინგლისელმა ფილოსოფოსმა, დ. იუმმა შეიფარა და მასთან წლების განმავლობაში ცხოვრობდა, მას ფიზიკურ უძლურებასთან ერთად ფსიქიკურიც გაუჩნდა და დევნის მანია დასჩემდა.
https://www.youtube.com/watch?list=PLDD2D833321F0A404&v=t5_wQmWfWWk