fxa2010 წლის 29 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ახალი განყოფილება „მულტიმედია ბიბლიოთეკა“ გაიხსნა. ამიერიდან აქ შესაძლებელი იქნება სხვადასხვა კლასიკური და თანამედროვე მუსიკალური ნაწარმოებისა და აუდიო წიგნების მოსმენა და ფილმების ყურება. მულტიმედია ბიბლიოთეკაში ამჟამად 400 ფირფიტა, 265 დისკი, უნიკინოს კოლექციის 35 ფილმი და 80 აუდიო-წიგნია.

მულტიმედია ბიბლიოთეკის საბაზისო ინფრასტრუქტურის აღჭურვა სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ბიბლიოთეკის კოლექციის შეგროვებაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, თანამშრომლებმა და ფართო საზოგადოებამ – მარინა ადამიამ, ქეთი გურჩიანმა, ელისაბედ ჯიჯავაძემ, ია კუპატაძემ, ნათია კოპალიანმა, ლევან ცაგარელმა, დალი ცქიტიშვილმა, ნოდარ ჭელიძემ, თამარ ჯანაშიამ და რადიოგადაცემა „პიკის საათმა“. ბიბლიოთეკის კოლექციის გამდიდრების აქცია +1 კვლავაც გრძელდება და მასში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია.

მულტიმედია ბიბლიოთეკის გახსნაზე მოკლე პრეზენტაცია გააკეთა ბიბლიოთეკის დირექტორმა ნათია გაბრიჩიძემ და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენელმა ნატა გვინდაძემ.

მულტიმედია ბიბლიოთეკაში სასურველი ფირფიტის, წიგნის, ფილმისა თუ დისკის მოძიება შესაძლებელია ელექტრონული კატალოგის საშუალებით. რაც შეეხება ბიბლიოთეკით სარგებლობას: ისევე, როგორც ჩვენი უნივერსიტეტის სხვა ბიბლიოთეკები, მულტიმედია ბიბლიოთეკაც ყველასთვისაა ხელმისაწვდომი.

 

  • მულტიმედია ბიბლიოთეკის სამუშაო საათები:
  • ორშაბათი-პარასკევი 09:00 – 21:00, შაბათ-კვირა 10:00 – 18:00.
  • მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა 3/5, კორპუსი F, ოთახი F102.
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus