|

Treadgold, Warren T.
The Early Byzantine Historians.
Basingstoke [England]: Palgrave Macmillan, 2007.
ნაშრომი წარმოადგენს პირველ სრულ გამოკვლევას ადრეულ (III-VII სს.) ბიზანტიელ ისტორიკოსთა შესახებ, ევსევი კესარიელიდან (III-IV სს.) თეოფილაქტე სიმოკატას ჩათვლით (VI-VII სს.)
ავტორი ცალკე თავებს უთმობს ევსევი კესარიელს, ამიანე მარცელინესა და პროკოპი კესარიელს -- თავისი დროის უდიდეს ისტორიკოსებს. განხილულნი არიან, ასევე, ეკლესიის ისტორიების შემდგენელი მამები: სოკრატე სქოლასტიკოსი, სოძომენე და თეოდორიტე კვირელი, მათთან ერთად კი კომიტი მარცელინე, იოანე ლიდიელი, აგათია მირინელი, თეოფანე, ევაგრე სქოლასტიკოსი. გამოცემაში განხილულნი არიან ისეთი ისტორიკოსებიც, რომლებიც ხშირად მკითხველისთვის ნაკლებად ცნობილია ევნაპი სარდელი, ოლიმპიოდორე თებელი, ზოსიმე, პრისკუს პანიონელი, ფილოსტორგიუსი, ჰესიხიუს მილეტელი და ევსტათი ეპიფანიელი. თრედგოლდის ეს ღრმა გამოკვლევა მოკლედ ეხება ჰეროდოტეს, თუკიდიდესა და ქსენოფონტესაც, როგორც ბიზანტიელ ავტორთა ბერძნულ მოდელებს.
გამოცემაში წარმოდგენილია ადრეულ ბიზანტიელ ისტორიკოსთა ქრონოლოგიური ცხრილი და აღმოსავლეთ ბიზანტიის იმპერიის რუკები 312, 395 და 565 წლებისათვის, ასევე, რუკა ადრეული ბიზანტიელი ისტორიკოსების დაბადებისა და მოღვაწეობის ადგილთა აღნიშნვით.
გამოკვლევა დაწერილია ნათელი და თანმიმდევრული სტილით. იგი ეხება როგორც ნაშრომებს, ისე მათი ავტორების ცხოვრებასა და მოღვაწეობას და საინტერესოა როგორც ბიზანტიური ფილოლოგიით, ისტორიითა და კულტურით დაინტერესებული მკვლევარებისათვის, ისე ფართო საზოგადოებისათვის.
***
წიგნის ავტორი, უორენ თრედგოლდი სენტ ლუისის უნივერსიტეტის ბიზანტიური განყოფილების პროფესორია (National Endowment for the Humanities, Professor of Byzantine Studies at Saint Louis University). მას განათლება მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტში (PhD, 1977, AB 1970). თრედგოლდის გამოკვლევები ეხება ძირითადად ბიზანტიურ კულტურას, კერძოდ, ბიზანტიის სახელმწიფოსა და საზოგადოების ისტორიასა და ფილოლოგიას. მისი მნიშვნელოვანი ნაშრომებია A Concise History of Byzantium (2001), A history of the Byzantine state and society (1997), Byzantium and Its Army, 284-1081 (1995), The Byzantine revival, 780-842 (1988), The Byzantine state finances in the eighth and ninth centuries (1982), Nature of the Bibliotheca of Photius (1980).
***
ნაშრომი ბიბლიოთეკას გადასცა ლევან გიგინეიშვილმა -- ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა.
.
წიგნის შესახებ დისკუსია იხილეთ აქ.
|