toolbar powered by Conduit
თავფურცელი
Theology and Modern Physics

Peter Edward Hodgson. Theology and Modern Physics.

Ashgate Science and Religion Series.

Aldershot, UK and Burlington, VT: Ashgate Publishing, Ltd., 2005.


წიგნი 234 x 156 მმ ზომისაა და შეიცავს 282 გვერდს.

წიგნის სათაური ცხადყოფს, რომ, თუმცა კი ასე მიიჩნევენ, მაგრამ რელიგია და ფიზიკა ერთმანეთთან შეუთავსებელი სულაც არ არის.


Theology and Modern Physics

გამოცემა ეხება კავშირებს ფილოსოფია-თეოლოგიასა და მეცნიერებას, კერძოდ კი ფიზიკას შორის, და მათ განვითარებას ანტიკურობის პერიოდიდან დღემდე. ავტორი მსჯელობს, რა გავლენას ახდენს ესა თუ ის კონკრეტული რელიგია სამეცნიერო კვლევა-ძიების განვითარებასა თუ შეზღუდვაზე, მიუთითებს იუდეო-ქრისტიანულ წვლილს თანამედროვე მეცნიერების განვითარებაში, მეცნიერებისადმი მიმართებას მაჰმადიანურ გარემოცვაში (ჰოჯსონი თვლის, რომ ისლამურმა ფუნდამენტალიზმმა შეაჩერა მეცნიერების განვითარება), ასევე რენესანსულ პერიოდში, გარდა ამისა, განიხილავს მეცნიერებისადმი არაქრისტიანულ აღმსარებლობათა ყურადღებასაც. სხვადასხვა რელიგიების შესახებ მსჯელობისას ავტორი ყურადღებას ამახვილებს, რომ მეცნიერების განვითარებისათვის საუკეთესო პირობები ისტორიულად ქრისტიანულ დასავლეთში იყო შექმნილი და ჩამოთვლის იმ პუნქტებს, რელთაც ეს განვითარება განაპირობეს. მათგან უპირატესი არის თავად ქრისტიანული ღვთისმეტყველება, რომლის ძირითადი მიზანიცაა ადამიანის, ანუ ქმნილების გაკეთილშობილება-სრულქმნა. ამასთან, ავტორი თვლის, და სავსებით ობიექტურადაც, რომ მეცნიერებათა თანამედროვე სახით ჩამოყალიბებაში (რაც გვიანი შუასაუკუნეების ევროპაში დაიწყო) უზარმაზარი როლი ითამაშა უნივერსიტეტების დაარსებამაც.

გამოცემაში სხვა საკითხებთან ერთად ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, როგორ იცვლებოდა სამყაროსა და კაცობრიობის შესახებ ადამიანთა წარმოდგენები ფიზიკაში მოხდენილი აღმოჩენების ფონზე.

რაც შეეხება საკუთრივ ფიზიკას, მკვლევარი საგანგებო თავებს უძღვნის კლასიკურ ფიზიკას, ასევე სივრცის, დროსა და რელატიურობის საკითხებს, კვანტურ თეორიას, კვანტურ მექანიკასა და მისი განმარტების ინტერპრეტაციებს. მათთან ერთად, იგი ეხება კოსმოლოგიას, ქაოსსა და სიმეტრიას.

წიგნის ეპილოგში ავტორი ასკვნის, რომ თანამედროვე ფიზიკა წარმოადგენს სამყაროს კანონთა შეცნობის საუკუნეების მანძილზე გაგრძელებული მცდელობებისა და კვლევების შედეგს.

წიგნი დაწერილია პროფესიონალი ფიზიკოსის მიერ, თუმცა ისეთი ნათელი სტილით, რომ სავსებით კარგად არის გასაგები ფიზიკასა და რელიგიაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანებისათვისაც.



პიტერ ედვარდ ჰოჯსონი (დაბ. 1928 წ.) ბირთვული ფიზიკის მკვლევარია. მან დაამთავრა ლონდონის Imperial College. მიღებული აქვს PhD ხარისხი ატომის დაყოფის, ხოლო DSc ბირთვულ რეაქციებთან დაკავშირებით წარმოებული კვლევებისათვის. 1963 წლიდან იგი არის ოქსფორდის Corpus Christi College-ის საბჭოს წევრი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ჰოჯსონი ოქსფორდში 30 წლის განმავლობაში ასწავლიდა ფიზიკასა და მათემატიკას. იგი არის აგრეთვე ბირთვული და ნაწილაკური ფიზიკის თეორეტიკული ჯგუფის ხელმძღვანელი, დაწერილი აქვს ოცამდე წიგნი ბირთვულ ფიზიკასა და რელატიურობის თეორიაში, მათგან სამი წიგნი, საგანგებოდ მიძღვნილი მეცნიერებისა და თეოლოგიისადმი: Science and Belief in the Nuclear Age (2005), Nuclear Power, Energy and the Environment (1999), The Philosophy Behind Physics (Thomas A. Brody-სთან თანაავტორობით, 1994), The Nucleon Optical Model (1994), Nucleon Correlations in Nuclei (Springer Series in Nuclear and Particle Physics) (A.N.Antonov-თან თანაავტორობით, 1993), Natural Science (1988), Christianity and Science (1990), Growth Points in Nuclear Physics (1981) და სხვ.