ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები

I. მოქმედების სფერო

1.1. ეს წესები არეგულირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაწევრიანებას, საბიბლიოთეკო ერთეულების გამოწერა-სარგებლობა-დაბრუნებასათან დაკავშირებულ საკითხებსა და ბიბლიოთეკაში ქცევის წესებს;

1.2. ბიბლიოთეკით სარგებლობის  წესები ეფუძვნება ‘‘საბიბლიოთეკო საქმის შესახებ‘‘ საქართველოს კანონს,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებას, ეთიკის კოდექსს და ბიბლიოთეკის დებულებას.

II. გაწევრიანება

2.1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით სარგებლობა შესაძლებელია გაწევრიანების შემდეგ;

2.2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გაწევრიანება ხდება ავტომატურად, უნივერსიტეტში ჩარიცხვისთანავე  ელექტრონული მონაცემების საფუძველზე, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: სტუდენტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პირადობის დამადასტურებული მოწმობის პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, კურსი და  ფაკულტეტი.

2.3. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლების, აკადემიური პერსონალის, უნივერსიტეტის მიერ მოწვეული პირებისა და ასევე, სხვა სტუმრების  რეგისტრირება ხდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და საკონტაქტო მონაცემების (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა) საფუძველზე;

2.4. მკითხველი ვალდებულია შეატყობინოს ბიბლიოთეკას სახელის, გვარის და საკონტაქტო ინფორმაციის შემცველი მონაცემების შეცვლის შემთხვევაში.

III. საბიბლიოთეკო რესურსით სარგებლობის შესაძლებლობა

3.1. ბიბლიოთეკას გააჩნია საჭირო ინვენტარით აღჭურვილი სამკითხველო დარბაზები, სხვადასხვა ენაზე ხელმისაწვდომი მრავალფეროვანი წიგნადი და არაწიგნადი ფონდი: სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა, პერიოდული გამოცემები, სანოტო, კარტოგრაფიული და საცნობარო გამოცემები, ელექტრონული რესურსები და ა.შ.;

3.2. მკითხველს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკების კოლექციებით; სამკითხველო და კომპიუტერული დარბაზებით; ჯგუფური მუშაობის ოთახით; ელექტრონული ბიბლიოთეკით (ელექტრონული წიგნები, საკითხავები ე.წ. „რიდერები“, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები); სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებზე უფასო წვდომით;

3.3. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპორატიული ელ-ფოსტის მფლობელს შესაძლებლობა აქვს სამეცნიერო ელექტრონული ბაზებით ისარგებლოს, როგორც ადგილზე, ასევე სხვა ტერიტორიიდან, ხოლო დანარჩენ  მკითხველს, მხოლოდ უნივერსიტეტის სივრცეში.

3.4. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებას, კორპორატიული ელ-ფოსტის საშუალებით შესაძლობლობა აქვს ისარგებლოს უნივერსიტეტის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განთავსებული საკითხავებით (ე. წ. „რიდერები), საავტორო კანონმდებლობის გათვალისწინებით.  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სტუმრები ამ უფლებით ვერ ისარგებელებენ.

3.5. საბიბლიოთეკო რესურსით სარგებლობისთვის მკითხველმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული სტუდენტური ბილეთი;

3.6. საბიბლიოთეკო რესურსით სარგებლობისთვის მკითხველი ვალდებულია გაეცნოს ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სარგებლობის წესებს.

IV. ბიბლიოთეკის ფიზიკურ რესურსზე წვდომა

4.1. რესურსის მოძიება და შეკვეთა

4.1.1.  მკითხველს შესაძლებლობა აქვს მისთვის საინტერესო მასალა მოიძიოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კატალოგში

ან დააზუსტოს ბიბლიოთეკართან.

4.1.2.  მკითხველს შესაძლებლობა აქვს მისთვის საინტერესო მასალა ბიბლიოთეკას შეუკვეთოს როგორც პირადად, ასევე ელექტრონულად, ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური ფორმის შევსების საფუძველზე;

4.1.3. საბიბლიოთეკო ერთეულის შეკვეთის შემდეგ, ბიბლიოთეკარი აწვდის მკითხველს შემდეგ ინფორმაციას, ხელმისაწვდომია თუ არა მისთვის საინტერესო მასალა ბიბლიოთეკაში, შეუძლია თუ არა სახლში გატანა და რა ვადით;  თუ ის არ აღმოჩნდა ბიბლიოთეკაში, როგორ ისარგებლოს ბიბლიოთეკათშორისი მომსახურებით ან სხვა რა ალტერნატიული მასალის გამოყენება შეუძლია საკუთარი საინფორმაციო საჭიროების დასაკმაყოფილებლად;

4.1.4. მკითხველს შესაძლებლობა აქვს მისთვის სასურველი მასალა დაჯავშნოს წინასწარ. მასალა ინახება მკითხველის მიერ ბიბლიოთეკართან კონსულტაციის შემდეგ არაუმეტეს 4 დღის განმავლობაში, შემდეგ კი კვლავ საცავში ბრუნდება. დაჯავშნილ საბიბლიოთეკო ერთეულზე სხვა მკითხველის მხრიდან მოთხოვნის გაჩენის შემთხვევაში, ჯავშანი უქმდება 2 დღის შემდეგ;

4.1.5. წიგნის დაჯავშნისას მკითხველი შეტყობინებას იღებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

4.2. საბიბლიოთეკო ერთეულის გატანის წესები

4.2.1. საბიბლიოთეკო ერთეულის გატანა/არგატანა დამოკიდებულია მასალისა კატეგორიაზე, ერთეულის რაოდენობასა და მისი მოთხოვნის სიხშირეზე;

4.2.2. ნაბეჭდი საბიბლიოთეკო ერთეული, რომელიც ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ ერთი ეგზემპლარი, გამონაკლისის გარდა (იხ. პუნქტი4.2.3.), ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა; ასეთი რესურსით სარგებლობა მკითხველს შეუძლია მხოლოდ სამკითხველო დარბაზში;

4.2.3. იმ შემთხვევაში თუ, ნაბეჭდი საბიბლიოთეკო ერთეული მხოლოდ ერთი ეგზეპლარია ბიბლიოთეკაში, მაგრამ არ არის მასზე ყოველდღიური მოთხოვნა, შესაძლებელია მკითხველმა ისარგებლოს მისი სახლში გატანის უფლებით;

4.2.4. ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა, ასევე პერიოდული გამოცემები (ჟურნალები, გაზეთები), რარიტეტები (იშვიათი გამოცემები, ძველი წიგნები), კარტოგრაფიული და სანოტო გამოცემები, ლექსიკონები, ენციკლოპედიები;

4.2.5.  ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის უფლებით სარგებლობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და თანამშრომლები.

4.2.6. ბიბლიოთეკაში საუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში შემოსული საინფორმაციო რესურსი გაიცემა გრანტის მფლობელზე ამ წესებით გათვალისწინებული ვადებზე (იხ. ქვეთავი 4.4) მეტი ხანგრძლივობით (სამი თვიდან ერთ წლამდე), შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

4.3. საბიბლიოთეკო ერთეულის დაბრუნების წესები

4.3.1. მკითხველი ვალდებულია გატანილი წიგნი დროულად დააბრუნოს ბიბლიოთეკაში; ერთეულის გაცემის თარიღის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულია საინფორმაციო რესურსის ფორმულარზე და შესაბამის ელექტრონულ ბაზაში.

4.3.2. ბიბლიოთეკიდან გატანილი აქტიურად მოხმარებადი წიგნის  სხვა მკითხველის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, წინასწარ შეთანხმებულ დროზე ადრე, დააბრუნოს ლიტერატურა ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის მიერ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 48 საათისა, აღნიშნული ვადა ითვლება წიგნის დაბრუნების ვადად და დაგვიანების შემთხვევაში განსაზღვრულ სანქციებს არეგულირებს ამავე დოკუმენტის  თავი IV, ქვეთავი 4.7.

4.3.3. მკითხველს შეუძლია გადადოს გატანილი წიგნის დაბრუნების ვადა, როგორც პირადად, ასევე ელ.ფოსტის საშუალებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ წიგნზე არ არის მოთხოვნა (იხ.თავი IV, ქვეთავი 4.6.).

4.4. საბიბლიოთეკო ერთეულის გატანის ვადა

4.4.1. მკითხველს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს წიგნის გატანის შემდეგი უფლებებით:

  • მხატვრული ლიტერატურა – 2 თვე
  • სახელმძღვანელო (იმ შემთხვევაში თუ ბიბლიოთეკაში არის საკმარისი რაოდენობა) – 1 სემესტრი
  • სახელმძღვანელო (იმ შემთხვევაში თუ ბიბლიოთეკაში არ არის საკმარისი რაოდენობა) – 1-7 დღე
  • რიდერი – 1 სემესტრი
  • სხვა კატეგორიის წიგნი – 14-30 დღე

4.5. გატანილი საბიბლიოთეკო ერთეულის დასაშვები რაოდენობა

4.5.1. მკითხველს უფლება აქვს უნივერსიტეტის ყველა ბიბლიოთეკიდან ერთდროულად გაიტანოს 15 წიგნი;

4.6. საბიბლიოთეკო ერთეულის დაბრუნების ვადის გადადება

4.6.1. გატანილი წიგნის დაბრუნების ვადის დადგომისთანავე, მკითხველი ვალდებულია დააბრონოს ლიტერატურა ბიბლიოთეკაში;

4.6.2. გატანილი წიგნის დაბრუნების ვადის  დადგომის დროს, თუ მკითხველს კვლავ სჭირდება ამავე მასალით სარგებლობა, მას შეუძლია გადადოს წიგნის დაბრუნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ მასალაზე არ არის მოთხოვნა;

4.6.3. თუ მკითხველი ობიქტური მიზეზების გამო (მაგ: ავადმყოფობა, ქვეყანაში არ ყოფნა და სხვ.) ვერ აბრუნებს გატანილ მასალას წინასწარ განსაზღვრულ დროში, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ბიბლიოთეკას. წინააღმდეგ შემთხვევაში მასალით სარგებლობის ვადა ჩაითვლება დარღვეულად;

4.6.4.  წიგნის დაბრუნების ვადის გადადება შესაძლებელია როგორც პირადად, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

4.7. გატანილი ერთეულის დაბრუნების ვადის გადაცილება და დაკარგვა

4.7.1. წიგნის დაბრუნების ვადის გასვლიდან 21 დღის შემდეგ, მკითხველი ვეღარ შეძლებს ბიბლიოთეკის დარბაზებიდან საინფორმაციო რესურსის მის ფარგლებს გარეთ გატანას.

4.7.2. წიგნის დაკარგვის შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია ჩაანაცვლოს იმავე დასახელების წიგნით და  სხვა მოთხოვნადი საბიბლიოთეკო ერთეულით. იმ შემთხვევაში თუ მკითხველის მიერ დაკარგული წიგნი არ არის გაყიდვაში, სხვა მოთხოვნადი ორი საბიბლიოთეკო ერთეულით.

4.7.3. დიპლომის ასაღებად სტუდენტი სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად წარადგენს ე.წ. ,,შემოვლით ბარათს“, რომელიც დაადასტურებს, რომ მას არ აქვს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დავალიანება. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დავალიანების მქონე სტუდენტზე არ გაიცემა დიპლომი.

V. ბიბლიოთეკის ადმინისტრაციისგან გაფრთხილება

5.1. მკითხველი ბიბლიოთეკის ადმინისტრაციისგან გაფრთხილებას იღებს: წიგნის დაბრუნების ვადის გასვლის გამო, აქტიურად მოთხოვნადი  წიგნის სხვა მკითხველის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში და ქცევის წესების დარღვევისას დაწესებული სანქციების შესახებ;

5.4.  წიგნის დაბრუნების ვადის გასვლიდან 14 დღის შემდეგ, ბიბლიოთეკარი მკითხველს უგზავნის ხელმეორე გაფრთხილებას წიგნის დაგვიანების შესახებ;

5.7. ბიბლიოთეკარი მკითხველს უგზავნის გაფრთხილებას  მის მიერ გატანილი წიგნის სხვა მკითხველის მიერ მოთხოვნის შემთხევაში (იხ.თავი IV, ქვეთავი 4.3. ქვეპუნქტი 4.3.2).

5.8. ბიბლიოთეკარი მკითხველს უგზავნის გაფრთხილებას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების დარღვევისას ამავე დოკუმენტით განსაზღვრული საქციების შესახებ(იხ. თავი XI);

5.9. წიგნის დაბრუნების ვადის გადაცილების შესახებ შეტყობინების მიუღებლობა არ ათავისუფლებს მკითხველს დაკისრებული ვალდებულებებისგან.

VI. ბიბლიოთეკათშორისი სერვისით სარგებლობა

6.1. ბიბლიოთეკათშორისი სერვისი უზრუნველყოფს მკითხველს ისეთი მასალით, რომელიც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კოლექციაში არ მოიპოვება;

6.2. ბიბლიოთეკათშორისი სერვისის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ გარკვეული კატეგორიის წიგნები გაიტანონ ბიბლიოთეკიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, ნაწილით კი ისარგებლონ ადგილზე, სამკითხველო დარბაზში. დანარჩენ მკითხველს კი უფლება აქვთ გამოწერილი ლიტერატურა გამოიყენონ მხოლოდ ადგილზე.

6.3. ბიბლიოთეკათშორისო სერვისით სარგებლობისთვის მკითხველი ავსებს წიგნის შეკვეთის ბარათს ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით და აგზავნის/ტოვებს ბიბლიოთეკის შესაბამის განყოფილებაში

6.4. მკითხველი, ბიბლიოთეკათშორისი სერვისის ფარგლებში შეკვეთილი წიგნის ხელმისაწვდომობაზე ინფორმაციას და შესაბამის მასალას იღებს არაუმეტეს 4 დღის ვადაში.

6.5. მკითხველს უფლება აქვს ბიბლიოთეკათშორისი სერვისის ფარგლებში ერთდროულად შეუკვეთოს არაუმეტეს 3 წიგნი.

6.6. მკითხველისთვის გამოწერილი ლიტერატურა ინახება ინფორმაციის მიღებიდან 2 დღის განმავლობაში.

VII. შეკითხვა ბიბლიოთეკარს

7.1. მკითხველს უფლება აქვს ბიბლიოთეკის საქმიანობის შესახებ (მუშაობის განრიგი, ამა თუ იმ მედიის მისაწვდომობა, გატანის ვადები და ა.შ.) ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად მიმართოს ბიბლიოთეკას, როგორც პირადად, ასევე სატელეფონო და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით;

7.2. მკითხველი მისთვის საინტერესო ინფორმაციას ბიბლიოთეკისგან იღებს არა უმეტეს 3 სამუშაო დღისა.

VIII ინტერნეტრესურსებით სარგებლობა

8.1. ბიბლიოთეკის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით სარგებლობის უფლება აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ყველა წევრს.

8.2.  კომპიუტერითა და ინტერნეტით სარგებლობა არის უფასო, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ასევე ისარგებლოს უკაბელო ინტერნეტით.

IX. ასლის გადაღებისა და მასალის ამობეჭდვის სერვისი

9.1. მკითხველს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს საავტორო უფლებების დაცვის ინსტრუქციებისა და შენახვის მოთხოვნების შესაბამისად, სხვადასხვა სასწავლო, კვლევითი და მხატვრული ლიტერატურის ასლის გადაღებისა და ამობეჭდვის სერვისით;

9.2. ასლის გადაღებისა და მასალის ამობეჭდვის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია წინასწარ შეკვეთის საფუძველზეც, როგორც პირადად, ასევე ონლიან რეჟიმში;

9.3.  წინასწარი შეკვეთისას, მომხმარებელი მასალის ასლს ან/და ამობეჭდილ ვერსიას იღებს არაუმეტეს ორი სამუშაო დღის ვადაში.

X. ბიბლიოთეკაში ქცევის წესები

10.1.  მკითხველი ვალდებულია დაიცვას უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები;

10.2. მკითხველი ვალდებულია პატივი სცეს როგორც ბიბლიოთეკის თანამშრომლებს, ასევე სხვა მომხმარებლის უფლებებს;

10.3. გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;

10.4. ბიბლიოთეკაში შემოსვლისთანავე მკითხველი ვალდებული: გადაიყვანოს  მობილური ტელეფონი უხმო რეჟიმზე; დაიცვას სიჩუმე; ჯგუფური მუშაობისას არ შეუშალოს ხელი სხვა მკითხველს;

10.5.  საბიბლიოთეკო რესურსით სარგებლობის შემდეგ თვითნებურად არ დააბრუნოს ისინი თაროზე, არამედ ჩააბაროს ბიბლიოთეკარს ან დატოვოს მაგიდაზე;

10.6. წიგნის ან სხვა მასალის მიღებისას გულდასმით შეამოწმოს ის და დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში  შეატყობინოს ბიბლიოთეკის თანამშრომელს;

10.7.  ბიბლიოთეკაში დაუშვებელია საკვები პროდუქტების შეტანა, გარდა ბოთლში ჩამოსხმული წყლისა და სხვა მინერალური სასმელებისა;

10.8. მკითხველს ეკრძალება ბიბლიოთეკიდან წიგნის ან სხვა რესურსის, მკითხველის აბონემენტში ბიბლიოთეკარის მიერ სპეციალური ჩანაწერის გაკეთების გარეშე, თვითნებურად გატანა

XI. სანქციები ქცევის წესების დარღვევისას

11.1. მკითხველის მიერ თანამშრომლის ან ბიბლიოთეკის სხვა მომხმარებლის შეურაცხყოფისას, მკითხველს ეკისრება უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინარული სასჯელი;

11.2. მკითხველის მიერ ბიბლიოთეკის რესურსისა და ინვენტარის  დაზიანების შემთხვევაში  ბრალეულობის დადგენისას მკითხველს ეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა და ზარალის სრული ანაზღაურება;

11.3. მკითხველის მიერ სამკითხველო დარბაზში სიჩუმის დარღვევისას (ხმამაღალი საუბარი, მობილურის ზარი და ა.შ.) მკითხველი ბიბლიოთეკარისგან იღებს სიტყვიერ გაფრთხილებას, მსგავსი დარღვევის ორჯერ განმეორების შემთხვევაში ტოვებს სამკითხველო დარბაზს.

11.4. მკითხველის მიერ საბიბლიოთეკო რესურსის  ბიბლიოთეკიდან თვითნებურად გატანისას, მკითხველს ეკისრება უნივერსიტეტის შინაგანწესითა და ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინარული სასჯელი.

XVII. ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებში ცვლილებადამატებების შესახებ

12.1. ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებში ცვლილება-დამატებების შეტანა ხორციელდება ეროვნულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემაში (მათ შორის ბიბლიოთეკაში) მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად.

ბანერები

 
 
Facebook